სექსუალური შევიწროება - კერძო სექტორის გავრცელებული, მაგრამ დაფარული პრობლემა

თარიღი:

პანელის მონაწილეები მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს კერძო სექტორში სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
პანელის მონაწილეები მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს კერძო სექტორში სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

სექსუალური შევიწროება საქართველოს კერძო სექტორში საკმაოდ გავრცელებული, თუმცა ამავდროულად დაფარული პრობლემაა, მისი მსხვერპლები კი, ძირითადად, ქალები არიან. დასაქმებული ქალების 27% და კაცების 18% ამბობს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოუცდია, მსხვერპლი ქალების უმეტესობის, 84%-ის შემთხვევაში, შემავიწროებელი კაცი იყო.

ეს მონაცემები, კვლევის “სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში” სხვა მნიშვნელოვან შედეგებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წარადგინა. შეხვედრა ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ გახსნეს.

კვლევამ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა, კერძო სექტორში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელება საქართველოში პირველად შეისწავლა. მისი შედეგებით ირკვევა, რომ ყველაზე ხშირი სექსუალური შევიწროების ისეთი ფორმებია, როგორებიცაა კომენტარები გარეგნობასა და ჩაცმულობაზე, სექსუალური ისტორიების მოყოლა, პირადი ხასიათის ზარები, არასასურველი შეხება და ა.შ. კოვიდპანდემიის შემდეგ განსაკუთრებით მომატებულია სექსუალური შინაარსის შემცველი შეტყობინებების, ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნაც.

საყურადღებოა, რომ ორგანიზაციის ან უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან შევიწროება ქალებში (26%) ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში (12%). “მაღალ პოზიციაზე მდგომი ადამიანები მაინც უფრო მეტად არიან მიდრეკილნი [სექსუალური შევიწროებისკენ], ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალაუფლება აქვთ მეტი, ბუნებრივია და მეტი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ რაღაცის სანაცვლოდ რაღაცით დაგაკავონ, იქ გაგაჩერონ, ანუ გაგაგდებ, გაგიშვებ, ასე თუ არ მოიქცევი”, - აღნიშნავს კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქალი, რომელსაც სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

საგულისხმოა, რომ კერძო სექტორში დასაქმებულები სექსუალურ შევიწროებას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ. ამ მოსაზრებას ქალების 90% და კაცების 86% ეთანხმება, თუმცა, ამავდროულად, ის კვლავაც დაფარული რჩება: დახმარების ფორმალური გზებისთვის სექსუალური შევიწროების მსხვერპლების მხოლოდ 9%-ს მიუმართავს. მიზეზი სამსახურის დაკარგვის შიში, საზოგადოებრივი სტიგმა, მტკიცებულებების ნაკლებობა და სამართლებრივი რეგულაციების შეზღუდულობაა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, უსაფრთხო და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნის მიმართულებით, კერძო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ეს თანამშრომლობა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების დანერგვაში მხარდაჭერასაც გულისხმობს, რაც პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯია. ამჟამად გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, ამგვარი მექანიზმი 80-მდე კერძო კომპანიაშია დანერგილი. მათ შორისაა “თეგეტა ჰოლდინგი”, რომლის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ხორბალაძე კვლევის წარდგენის შემდეგომ გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.

“შედეგები, რომლებსაც დღეს გავეცანით, აუცილებელია კერძო სექტორში სექსუალური შევიწროების კუთხით არსებული პრობლემების განსაზღვრისა და საჭირო ნაბიჯების ეფექტიანი დაგეგმვისთვის. 2 წელია, “თეგეტა ჰოლდინგში” შემუშავებულია სექსუალური შევიწროების შესახებ მკაფიო პოლიტიკა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ქმედითიც იყოს და სამომავლო გამოწვევებსაც უპასუხოს. ამ მიზნის მიღწევაში კი ეს განახლებული სტატისტიკა ძალიან დაგვეხმარება”,- აღნიშნა პრეზენტაციის შემდეგ თათია ხორბალაძემ.

კვლევა “სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში” ჩატარდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში. პროექტს ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.