გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერას განაგრძობს

თარიღი:

მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის შესახებ სახელმძღვანელოს ავტორი ადრიანა ლი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის სამუშაო შეხვედრას ატარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის შესახებ სახელმძღვანელოს ავტორი ადრიანა ლი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის სამუშაო შეხვედრას ატარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა ის ღირებულებებია, რომლებსაც ნებისმიერი ორგანიზაციის კორპორაციული კულტურა, ჯანსაღი სამუშაო გარემო და წარმატება ეფუძნება. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ მრავალფეროვანი გუნდები ბიზნესშედეგების, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის გაუმჯობესებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, თუმცა დღესდღეობით გლობალურად ამ ღირებულებებს არაერთი გამოწვევა აქვს. არსებული რეალობის ფონზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, HR პროფესიონალთა ასოციაციასთან (HRPA) თანამშრომლობით, აგრძელებს საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებთან მუშაობას, რათა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დანერგვისკენ ნაბიჯები კიდევ უფრო მეტმა კომპანიამ გადადგას.

ამ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის სასერტიფიკატო კურსი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის, რომელიც უკვე 100-ზე მეტმა პროფესიონალმა გაიარა. ამავე თემაზე სფეროს წარმომადგენლებისთვის შეიქმნა პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელოც, რომლის ავტორი ადრიანა ლი 10 ივნისს თბილისს ეწვია და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის 20 მონაწილეს საშუალება ჰქონდა, ადრიანა ლისთან ერთად განეხილა ინკლუზიური და მრავალფეროვანი სამუშაო კულტურის გაღრმავების სტრატეგიები და ემსჯელა, თუ როგორ უნდა დაიწყოს მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნა სამუშაო ადგილზე. ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები გაეცნენ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის საუკეთესო პრაქტიკებსა და წარმატებულ მაგალითებს, თუ როგორ ინერგება ისინი ორგანიზაციულ პროცესებსა და სტრატეგიებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მზარდ გლობალურ გამოწვევებზეც, რომლებიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის კუთხით არსებობს და ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია ეს გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნას.

“თითოეული პროფესიონალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო შეხვედრის პრაქტიკული მხარე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ადრიანა ლი სწორედ ის ექსპერტია, რომელთან თანამშრომლობით შექმნილი სახელმძღვანელო უკვე გლობალურ რესურსად იქცა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება. ვაგრძელებთ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებთან ამ მიმართულებით მუშაობას და მოწინავე სტანდარტებზე ორიენტირებული ადამიანური რესურსების მართვის შექმნას საქართველოში”, - აღნიშნა HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სერგო ნოზაძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის საქართველოს კერძო სექტორში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები სამომავლოდაც ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალების გაძლიერებას, რათა მათ ჯანსაღი და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი როლის ეფექტიანად შესრულება შეძლონ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადამიანური რესურსების მართვის პროცესში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერას ახორციელებს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს. ადრიანა ლის ვიზიტი კი წარმოადგენდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ მხარდაჭერილი, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს.