ლტოლვილი ქალები უკრაინიდან ახალ შესაძლებლობებს იღებენ

თარიღი:

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სტუმრები მიღწეულ შედეგებს აჯამებენ. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სტუმრები მიღწეულ შედეგებს აჯამებენ. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

28 წლის ტატიანა კოლომიეცი უკრაინიდანაა. საქართველოში ომის გამო ჩამოვიდა, ბათუმში დასახლდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მალე მან სოციალურ ქსელში განცხადება ნახა: უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის იწყებოდა ინიციატივა, რომელიც მათ ტექნოლოგიების შესწავლაში დაეხმარებოდა.

ტატიანას მხოლოდ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ტექნოლოგიები მისთვის სრულიად განსხვავებული სფერო იყო, თუმცა, გადაწყვიტა, ეცადა. “უკვე ვხვდებოდი, რომ ცვლილებები მჭირდებოდა. ეს შესაძლებლობა კი ახალი კარიერული უნარების შესაძენად კარგი შანსი იქნებოდა”, - იხსენებს ის.

განაცხადის წარდგენის შემდეგ ტატიანა ინიციატივის “უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში” მონაწილე გახდა. სასწავლო კურსი, რომელიც მან ამ პროექტის ფარგლებში გაიარა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტმა უკრაინელ ლტოლვილ ქალებს საშუალება მისცა, მიეღოთ ტექნოლოგიური განათლება და გაეძლიერებინათ პრაქტიკული უნარები ციფრული წიგნიერების, ინგლისური ენის, პროგრამული პროდუქტების ტესტირებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით.

“ჩემი განსხვავებული საქმიანი გამოცდილების მიუხედავად, კურსი დამეხმარა, მნიშვნელოვან და ღირებულ ცოდნას დავუფლებოდი, უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული გავმხდარიყავი. ახლა ვაკანსიებზე რეზიუმეს ვგზავნი და მინდა, რაც ვისწავლე, პროფესიული ზრდისთვის გამოვიყენო”, - აღნიშნა ტატიანამ, რომელიც პროგრამული პროდუქტების ტესტირებაში სპეციალიზდა და საკუთარი შთაბეჭდილება 26 თებერვალს, სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიებაზე დამსწრეებს გაუზიარა.

“უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში” 2024 წლის ზაფხულში დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობისთვის 55 კანდიდატი სააპლიკაციო წესით შეირჩა, სწავლა კი 8 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ინიციატივის მთავარი მიზანი იყო, უკრაინელ ლტოლვილ ქალებს, რომლებსაც მდგრადი საარსებო საშუალებებისა და ღირსეული სამუშაოს პოვნა განსაკუთრებით უჭირთ, გამოწვევების დაძლევაში დახმარებოდა. ამას გარდა, მას ხელი უნდა შეეწყო მრავალფეროვანი ტექნოლოგიური გარემოს განვითარებისა და ინდუსტრიაში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირებისთვისაც.

საგულისხმოა, რომ ტექნოლოგიურ განათლებასთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქართულ-უკრაინულ პლატფორმასთან თანამშრომლობით, დამატებით 87 უკრაინელ ქალს მენტალური ჯანმრთელობის, პროფესიული და პიროვნული განვითარების, განათლებისა და დასაქმების კუთხითაც აღმოუჩინა მხარდაჭერა. ეს მიმართულება ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ თერაპიულ სეანსებსა და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ქართული ენის სწავლებას, სოციალური ინტეგრაციისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაძლიერებას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ 12-მა ბიზნესიდეამ პროექტის დაფინანსებაც მიიღო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ქართულ-უკრაინულ პლატფორმასთან თანამშრომლობით განხორციელებული ინიციატივები წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების მდგრადობის გაძლიერება მასპინძელ ქვეყნებში” ნაწილს, რომელსაც იაპონიის მთავრობა აფინანსებდა.