გენდერული თანასწორობა თბილისის დიზაინის ფესტივალის ფოკუსში

თარიღი:

მარტინა ვეძიცკა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მან ქართველი დიზაინერებისთვის გამართა. ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური
მარტინა ვეძიცკა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მან ქართველი დიზაინერებისთვის გამართა. ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური

„დიზაინს უნიკალური ძალა აქვს. ის იდეებს ხილულსა და ხელმისაწვდომს ხდის, ამიტომ ხშირად აუდიტორიაზე ბევრად ძლიერად ზემოქმედებს. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა ისეთი თემების წინ წამოწევაში, როგორიც გენდერული თანასწორობაა, დიდია. მთლიანად შემოქმედებითი ინდუსტრია გვეხმარება, ადამიანებს ამ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევები შევახსენოთ და გავაძლიეროთ ისინი“, - 29 წლის გრაფიკული დიზაინერის, მერი ჭიკაძის ეს შეფასება კარგად ასახავს როლს, რომელსაც დიზაინი და ზოგადად კრეატიული სფერო გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების აქტუალიზაციაში, ღირებული გზავნილების ფართო აუდიტორიამდე მიტანაში ასრულებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში შემოქმედებით ინდუსტრიასთან Ad Black Sea ფესტივალთან პარტნიორობით თანამშრომლობს და ყოველწლიურად სულ უფრო ცდილობს ამ მიმართულების გამრავალფეროვნებას. თანამშრომლობის ერთ-ერთ ახალ ინიციატივას წარმოადგენდა 16 მაისს, თბილისში გამართული დიზაინის ფესტივალი, რომლის მიმდინარეობისასაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო შეხვედრას “კრეატიული წინააღმდეგობის ლაბი: სიმბოლოები თანასწორი მომავლისთვის” უმასპინძლა. მერი ჭიკაძე სწორედ ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე იყო.

შეხვედრას პოლონელი არტ დირექტორი და გრაფიკული დიზაინერი მარტინა ვეძიცკა უძღვებოდა. მარტინა ვეძიცკა ვიზუალური იდენტობისა და პოსტერების დიზაინის ინოვაციური მიდგომებითაა ცნობილი. ამას გარდა, ის აქტიურად უჭერს მხარს დიზაინის სფეროში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას და პირველი გრაფიკული დიზაინერი ქალია პოლონეთიდან, რომელიც Alliance Graphique Internationale (AGI0)-ის წევრია. მარტინა ვეძიცკას გამორჩეული პროექტები ME MYSELF & TOUCH და Design Like a Girl! დიზაინერებს სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, თანაბარი ანაზღაურებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მარტინა ვეძიცკამ თბილისში გამართული სამუშაო შეხვედრაც შთამაგონებელი გამოსვლით დაიწყო და ისაუბრა, თუ როგორ შეუძლია გრაფიკულ დიზაინს სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის იდეის ირგვლივ ადამიანების გაერთიანება. მომდევნო ნაწილში კი მონაწილეებმა მისი მენტორობით გენდერული თანასწორობის სხვადასხვა თემის ირგვლივ ლოგოები შექმნეს.

„როცა ნამუშევრების შესახებ უშუალოდ ავტორი გიყვება, პროცესებში უფრო სიღრმისეულად იხედები, იღებ ინფორმაციას პროექტის ტექნიკურ და ემოციურ ნაწილსა თუ შედეგებზე. სამუშაო შეხვედრის ეს ნაწილი ყველაზე შთამაგონებელი იყო. ღირებული აღმოჩნდა მარტინას ვეძიცკას ფორმულა, თუ როგორ შეიძლება პრობლემის ნაბიჯ-ნაბიჯ გაანალიზება, ხელჩასაჭიდი წერტილების გაერთიანება და დიზაინში რელევანტურად გადმოცემა“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მერი ჭიკაძემ.

თბილისის დიზაინის ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფესტივალსა და შემოქმედებით ინდუსტრიასთან პარტნიორობა კი კვლავაც გაგრძელდება. თანამშრომლობა წარმოადგენს პროექტის გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს, რომელსაც დანიის მთავრობა აფინანსებს.