ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩები “მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების” ქსელის მუშაობას გაეცნენ
თარიღი:
ბრიტანეთის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს გაეროს ქალთა ორგანიზაციას დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, თემის ლიდერი ქალების გაძლიერებაში, რათა ისინი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებაში კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უორდი და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ 28 აპრილს, ზუგდიდს ეწვივნენ და „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრებს შეხვდნენ.
საქართველოში პირველი მასშტაბური ქსელი „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ 2023 წელს ჩამოყალიბდა. ის 17 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 200-ზე მეტ ქალსა და ახალგაზრდას აერთიანებს. ქსელის წევრები ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისა და თემის საჭიროებების ადვოკატირების პროცესებში მონაწილეობენ.
ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან შეხვედრისას ქსელის 8 წარმომადგენელმა ადვოკატირებისა და ადგილობრივი ინიციატივების შედეგების შესახებ ისაუბრა. მათ თემის საჭიროებებსა და საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. შიდა თუ გარე გამოწვევების ფონზე, როცა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტი ქალებისთვის, მით უფრო რეგიონებში, არაერთი გამოწვევა არსებობს, დიპლომატებთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ქალებმა ამ ფაქტორსაც გაუსვეს ხაზი.
“უკანასკნელი ორი წელია, რთულ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ამ მოვლენების ფონზე თქვენი მხარდაჭერა ორმაგად აუცილებელია, რადგან ჩვენს ქალებს ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ გაძლიერება და ხელშეწყობა. ჩვენ თქვენი, დონორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, - აღნიშნა ქსელის ერთ-ერთმა წევრმა, ანა ლეფონავამ, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ რუხში ცხოვრობს.
შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩები იმყოფებოდნენ ზუგდიდის მე-12 საშუალო სკოლაში, რომელიც დევნილთა ჩასახლებაში მდებარეობს. ქსელის წევრი ქალებისა და ახალგაზრდების აქტიურობით, სკოლაში სპორტული დარბაზი გარემონტდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. სტუმრებმა სწორედ ეს დარბაზი მოინახულეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციაზე 2018 წლიდან მუშაობს. ინიციატივა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - ქალთა საინფორმაციო ცენტრის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობისა” და ქალთა ფონდ “სოხუმის” ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაცია და ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ ფორმირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.