ბანაკი ლიდერ ქალთა მხარდასაჭერად

თარიღი:

ლიდერ ქალთა ბანაკის მონაწილეები ჯგუფური სავარჯიშოს შესრულებისას. ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
ლიდერ ქალთა ბანაკის მონაწილეები ჯგუფური სავარჯიშოს შესრულებისას. ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის

„ჩემთვის ეს დღეები ქალების გაძლიერებისა და ერთმანეთის პოვნის შესაძლებლობად იქცა“, - ასე შეაფასა აზა გაბუნიამ ლიდერ ქალთა ბანაკი, რომელიც 24-28 თებერვალს კახეთში ჩატარდა.

40 წლის აზა გაბუნია ბათუმიდან ჩამოვიდა. აჭარის გარდა, მასთან ერთად ბანაკში თბილისიდან, კახეთიდან და იმერეთიდან 34 ქალი მონაწილეობდა. ყველა მათგანი ქალთა ლიდერობის აკადემიის კურსდამთავრებული იყო.

ქალთა ლიდერობის აკადემიის პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრთან მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ახორციელებს. ინიციატივა ქალებს, რომლებსაც პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში აქტიური ჩართულობა სურთ, დემოკრატიის, ადვოკატირების, გენდერული თანასწორობისა და სხვა საკითხების შესახებ სასწავლო კურსს სთავაზობს. მისი მოქნილი და ქართულ რეალობასთან ადაპტირებული პროგრამა ლიდერი ქალების საჭიროებებსა და ადგილობრივ კონტექსტს მაქსიმალურად ითვალისწინებს. აკადემიას თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში უკვე 89 კურსდამთავრებული ჰყავს. ფინალურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად სწორედ მათი ნაწილი შეირჩა.

ბანაკის მიმდინარეობისას ლიდერი ქალები საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების თემატურ ლექციებს, პრაქტიკულ სემინარებსა და მენტორინგის სესიებს დაესწრნენ. მონაწილეებმა მოისმინეს რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც მათ საჭიროებებსა და გამოწვევებს ეხმიანება, შეასრულეს როლური სავარჯიშოები ლიდერული, პოლიტიკური, საკომუნიკაციო და ადვოკატირებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო უცხოელი და ადგილობრივი სპიკერების გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება, თეორიული ცოდნის მიღება და აქტუალურ შეკითხვებზე პასუხების მოსმენა. თუმცა, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სხვა ქალების გამოცდილებების მოსმენამ და იმ სოლიდარული, მეგობრული გარემოს შექმნამ, რომელიც ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების მოწყობის მოდელად უნდა იქცეს“, - აღნიშნა აზა გაბუნიამ.

საგულისხმოა, რომ ბანაკის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ლიდერ ქალთა ქსელის ჩამოყალიბება, სოლიდარობის გაზრდა, პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიის მხარდამჭერ ინიციატივებში ჩართულობა, ისეთი ერთობლივი პროექტების ხელშეწყობა იყო, რომლებიც დახმარება მონაწილეებს, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეძლონ.

ქალთა ლიდერობის აკადემია 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს. მასში 200-ზე მეტი ქალი მიიღებს მონაწილეობას. აკადემია დაეხმარება მათ, უფრო ეფექტიანად და აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება.