არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გენდერული კვლევისა და ანალიზის უნარებს იძენენ
თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობასა და მათი საჭიროებების მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს.
ამ მხარდაჭერის ფარგლებში, 23-27 აპრილს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების თემებზე მუშაობენ, გენდერული სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიარეს. ტრენინგს CRRC საქართველოს ექსპერტები უძღვებოდნენ.
5 დღის განმავლობაში 23-მა მონაწილემ დეტალურად შეისწავლა არსებული გენდერული მონაცემების მოძიება და გამოყენება, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია, ინტერპრეტაცია, შედეგების წარდგენა და ა.შ. ტრენინგი როგორც თეორიულ სესიებს, ისე ინტერაქციულ, ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავდა.
2023 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სრულყოფილი, ხარისხიანი მონაცემების შეგროვება, რაც გენდერული ანალიზის შესაძლებლობას მოგვცემდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ხშირად გამოწვევას წარმოადგენს. შეზღუდული რესურსებისა და კვლევების ჩატარებისთვის საჭირო სპეციფიკური, პროფესიული ცოდნის ნაკლებობის გამო, ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონებში, საკუთარი თემების დეტალური საჭიროებების შესწავლა და კონკრეტულ მონაცემებზე დაფუძნებული პროექტების შემუშავება უჭირთ. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია კი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დაეხმარება, შეზღუდული რესურსების პირობებში, თავად შეძლონ აქტუალურ საკითხებზე კვლევების ჩატარება და მონაცემებზე დაფუძნებული ინიციატივიების განხორციელება.
„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საკვლევი საკითხის განსაზღვრა, მონაცემთა სხვადასხვა წყაროს მოძიება, რომლის თეორიულ ნაწილს პრაქტიკული სავარჯიშოებიც ერთოდა, ასევე, მონაცემთა ვიზუალიზაცია, ანგარიშის სტრუქტურა და ფორმა — ის მთავარი ელემენტები, რომლებიც კვლევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მიღებული ცოდნა დამეხმარება, ჩვენი ორგანიზაციის სამიზნე თემის საჭიროებები და გამოწვევები ვიკვლიო და შემდგომი საქმიანობა შესაბამისად დავგეგმო”, - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიკა ვაჭარაძემ. მარიკა რეგიონული ინიციატივების ცენტრის, “ნათელი მომავლის” დამფუძნებელია და იმერეთის რეგიონში საქმიანობს.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ამ მიმართულებით მუშაობა განაგრძონ და CRRC-საქართველოს მენტორობით გენდერული თანასწორობის საკითხებზე კონკრეტული კვლევითი პროექტები განახორციელონ.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „ყველა ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ ფინანსური მხარდაჭერით.