მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია ღირსეული სამუშაო გარემოსთვის

თარიღი:

მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: HR პროფესიონალთა ასოციაცია
მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: HR პროფესიონალთა ასოციაცია

მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია არა მარტო ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის, არამედ ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორიცაა. გლობალური გამოცდილება ადასტურებს, რომ მრავალფეროვანი გუნდები ბიზნესშედეგების, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის გაუმჯობესებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, ეს თემა თანამედროვე მსოფლიოში კერძო სექტორისთვის, ინვესტორებისთვის, დონორი ორგანიზაციებისა თუ უბრალოდ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

ბოლო წლებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის მნიშვნელობა საქართველოშიც გაიზარდა, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, კერძო სექტორთან გენდერული თანასწორობის კუთხით თანამშრომლობა გააფართოვა და აქცენტი მრავალფეროვნებასა და ჩართულობაზეც გააკეთა. დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ კერძო სექტორისთვის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საჭიროება არსებობდა და, შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პირველად საქართველოში, HR პროფესიონალთა ასოციაციასთან ერთად, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის სასერტიფიკატო პროგრამა შეიმუშავა. პროგრამას, რომლის მიზანია, პროფესიონალებს ორგანიზაციებში თანასწორი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის კუთხით დაეხმაროს, უკვე 47 კურსდამთავრებული ჰყავს. 23 მაისს კი ყველა მათგანს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

„იმისთვის, რომ ხვალინდელ რეალობაში თანასწორობა და მრავალფეროვნება ჩვენი ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი გახდეს, ასეთი კურსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენში მუდმივად ლექავს გაუცნობიერებელ მიკერძოებებს და მათი აღმოჩენა და დამარცხება დამოუკიდებლად ხშირად ძალიან რთულია, ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი კი - წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. ჩემთვის, როგორც კურსის მონაწილისთვის და „თეგეტასთვის“, როგორც კომპანიისთვის, უმნიშვნელოვანესია, ყველა თანამშრომელმა იცოდეს, რომ ჩვენთვის თითოეული მათგანის ჩართულობა გადამწყვეტია და დღეიდან ამაზე კიდევ უფრო ხმამაღლა და აქტიურად ვილაპარაკებთ“, - აღნიშნა „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტმა, მარიამ ფარნიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი კურსდამთავრებულია.

სასერტიფიკატო პროგრამა 10-დღიანია და საერთაშორისო ექსპერტის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს ეფუძნება. მის შექმნაში HR პროფესიონალებთან ერთად, ადამიანის უფლებადამცველები და შრომის ექსპერტების მონაწილეობდნენ. პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მეტი გაიგონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე, უფრო მკაფიოდ დაინახონ საკუთარი როლი ამ ღირებულებების დანერგვაში, მიიღონ და გააძლიერონ უნარები, რომლებიც მათი რეალიზების პროცესშია საჭირო.

ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.