ძალადობის მსხვერპლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა იზრდება

თარიღი:

საბავშვო კუთხე თბილისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ფოტო: მზია საგანელიძე/RFERL
საბავშვო კუთხე თბილისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ფოტო: მზია საგანელიძე/RFERL

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების ან ძალადობაგამოვლილი პირებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის და აძლიერებს მათ მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ცვლილებების შემუშავების პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მსხვერპლის სტატუსს უკავშირდება: ამიერიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თუ ძალადობაგამოვლილ ქალებს სახელმწიფო თავშესაფრებით ან კრიზისული ცენტრების იურიდიული, ფსიქოლოგიური და სხვა მომსახურებებით სარგებლობა მსხვერპლის სტატუსის გარეშე შეეძლებათ. ამ დრომდე აღნიშნული სერვისების მიღებისთვის აუცილებელი იყო მსხვერპლის სტატუსი, რომელიც გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვას ან კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლას უკავშირდებოდა, რის გამოც ხშირად ქალებისთვის სახელმწიფო სერვისების, მათ შორის პრევენციული თუ დაცვისა და დახმარების მომსახურებების ეფექტიანად და ოპერატიულად მიღება ფერხდებოდა. ცვლილებების შედეგად, ყველა აქამდე არსებული ფორმალური პროცედურა მოიხსნა.

„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, მსხვერპლის სტატუსის აუცილებლობის გარეშე მსხვერპლისთვის მომსახურების მიღების შესაძლებლობით, კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს და ძალადობაგამოვლილი ადამიანებისთვის სერვისის მიღება გაადვილდება. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა პირმა მიიღოს ძალადობრივი გარემოდან თავის დაღწევის გადაწყვეტილება და მოგვმართოს დახმარებისთვის“, - აღნიშნავს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის სტატუსის აუცილებელი მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციასა (სტამბოლის კონვენცია) და CEDAW კომიტეტის მთავარ რეკომენდაციას. ცვლილებები კი ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაციას.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე მუშაობა 2019 წელს, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით დაიწყო. პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციებით მიმდინარეობდა.