ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

თარიღი:

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

26 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ, N510 დადგენილებით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ეროვნული სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მთავრობის ხედვასა და მოქმედების კურსს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე განხორციელების, გაჭიანურებული კონფლიქტის პირობებში ქალებისა და გოგოების ადამიანის უფლებების დაცვის, შეიარაღებული კონფლიქტისა და ძალადობის, მათ შორის, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალების ეფექტიანი მონაწილეობის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებსა თუ უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მეოთხე სამოქმედო გეგმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა. პროცესი სამთავრობო უწყებებთან, შესაბამის მუნიციპალიტეტებთან, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, 70-მდე დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალსა და ახალგაზრდასთან ფართო და წარმომადგენლობითი კონსულტაციების საფუძველზე მიმდინარეობდა.

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების სამოქმედო გეგმაში საუბარია ქალთა გაზრდილ მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით აქცენტი კეთდება დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მონაწილეობაზე ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებასთან არის დაკავშირებული. ასევე, სერვისების მიწოდებაზე გვაქვს კიდევ ერთხელ აქცენტი გაკეთებული და სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე განსაკუთრებით იმ ქალებისა და გოგოების, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში,"- აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა.

მეოთხე სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია ეროვნული განვითარების დღის წესრიგთან, გენდერული თანასწორობისა და სხვა შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებთან. იგი ასევე შეესაბამება საქართველოს მთავრობის #629 დადგენილებას (დამტკიცებული 2019 წლის 20 დეკემბერს) „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“. ამასთან, დოკუმენტი წინა სამ სამოქმედო გეგმასთან (2012-2015, 2016-2017 და 2018-2020 წლები) შედარებით მეტად ქმედითია, რადგან მას განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტი, მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოც ერთვის თან.

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მეოთხე სამოქმედო გეგმა წინგადადგმული ნაბიჯია ქალების სრული, პირდაპირი, თანასწორი და ეფექტიანი ჩართულობისკენ როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ისე უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, გოგოებისა და ახალგაზრდების დაცვის მიმართულებით.

განახლებული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცების პროცესში გაწეული ტექნიკური დახმარება განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერაა დაფინანსებული.