„ქალები საქართველოს სამსახურში“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პუბლიკაცია სამხედრო მოსამსახურე ქალებზე
თარიღი:

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას თავდაცვის ძალებში ქალების ჩართულობის გაზრდა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა წარმოადგენს. სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქალებს, რომლებსაც სამხედრო სფეროში კარიერა სურთ, მიზნის მიღწევის გზაზე არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ, უპირველესად კი საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის, რომელიც ქვეყნის თავდაცვის ძალებში ყოფნას მხოლოდ „კაცების საქმედ“ მიიჩნევს.
სტერეოტიპების მსხვრევის, დამოკიდებულებების ცვლილებისა და სამხედრო მოსამსახურე ქალების მხარდაჭერის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათი ინდივიდუალური ისტორიების პოპულარიზაციაა. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“ მოამზადა. ბროშურა 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიულ ისტორიებს, მათი გამბედაობის, ბრძოლისა და თავდადების ამბებს აერთიანებს და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში.
პუბლიკაციის პრეზენტაცია 16 ნოემბერს, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და ნატოს სამეკვაშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე პუბლიკაციაში წარმოდგენილმა სამხედრო მოსამსახურე ქალებმა სტუმრებს საკუთარი გამოცდილებები და გამოწვევებიც გაუზიარეს.
„ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე ქალი არის იმედი და ნათელი წერტილი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სამხედრო სამსახურში ყოფნა ჯერ კიდევ ოცნებაა. თითოეული მათგანი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მებრძოლი, იმიტომ რომ იბრძვის საკუთარ თავთან, ოჯახთან, საზოგადოებასთან, რათა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად იმსახურებს სამხედრო ფორმის ტარებას“, - აღნიშნა უფრომა ლეიტენანტმა, მე-11 ბატალიონის საბრძოლო ოცეულის მეთაურმა, ხატია გოგალაძემ, რომელიც პუბლიკაციის ერთ-ერთი გმირია.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბროშურაში წარმოდგენილი ქალების საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა და პუბლიკაციის ვიდეოვერსიის ჩვენებაც.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ სამხედრო ქალების უნიკალური ისტორიები, მათი გამოცდილება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და ადამიანური რესურსების მაქსიმალურად გამოყენება თითოეული სამხედროსი, განსაკუთრებით კი ქალების პოტენციალის გამოვლენა და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიების დასრულების შემდეგ.
პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“ და მისი პრეზენტაცია წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილს, რომელიც დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ.