გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში თემატური მომხსენებლის ინსტიტუტს

თარიღი:

თემატური მომხსენებელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია ზუგდიდში კოფლიქტით დაზარალებულ ქალებს შეხვდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
თემატური მომხსენებელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია ზუგდიდში კოფლიქტით დაზარალებულ ქალებს შეხვდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების მიმართულებით საქართველოს პარლამენტისა და ახალი ინსტიტუტის - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში თემატური მომხსენებლის მხარდაჭერა, დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების საჭიროებების გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან ადვოკატირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სწორედ ამ პრიორიტეტის რეალიზებას ემსახურებოდა შეხვედრები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წევრმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თემატურმა მომხსენებელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიამ დევნილ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან გამართა.

შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორი კოალიციის წევრი ორგანიზაციების - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და ქალთა ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით, 6-7 დეკემბერს, ქალაქ ზუგდიდში, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასა და ქალაქ გორში ჩატარდა. თეონა აქუბარდიასთან საუბრისას მონაწილე ქალებმა ადამიანის უსაფრთხოებასთან, ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სირთულეებზე ისაუბრეს.

„თითქოს ყველას დავავიწყდით, დევნილთა საკითხები, კონფლიქტის მოგვარება მიძინებული თემაა. იკლო საუბრებმა სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობაზეც“,- აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ნესტან წულაიამ, რომელიც შეხვედრას სოფელ ხურჩაში ესწრებოდა.

თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი შედარებით ახალი საპარლამენტო მექანიზმია, რომელიც პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის უფრო ეფექტიან წარმართვას ემსახურება. თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის დანერგვას, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი საპარლამენტო პროექტი უჭერს მხარს, მათ შორის, აღნიშნული საპილოტე მიმართულება მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტული და ტექნიკური ხელშეწყობით, რომლის პირდაპირი მანდატიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერაა საქართველოში.

„ეს ქალები საკუთარი თემის ლიდერები არიან და გადარჩენისთვის, განვითარებისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის ბრძოლა ურთულეს პირობებში უწევთ“, - განაცხადა შეხვედრების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ.

აღსანიშნავია, რომ გამართულ შეხვედრებზე გამოვლენილი გამოწვევები თემატური მომხსენებლის საბოლოო ანგარიშში აისახება. დოკუმენტი კი შემდგომი რეაგირებისა და პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ქმედითი ღონისძიებების განსაზღვრისთვის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა.

საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდამჭერი აქტივობები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი.