„კაცები ესაუბრებიან კაცებს“ ფორმატით სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის შესახებ სემინარი ჩატარდა

თარიღი:

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა კომპანიებსა და საზოგადოებაში  გენდერული თანასწორობის გამოწვევებზე იმსჯელეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა კომპანიებსა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის გამოწვევებზე იმსჯელეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, კერძო სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების პოზიციებს უმეტესად კაცები იკავებენ. მათ შორისაა ის კომპანიებიც, რომლებიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები არიან და სურთ, გენდერული თანასწორობა კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციონ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღნიშნული მიზნის მიღწევაში ბიზნესორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებს მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს. ამ პროცესში განსაკუთრებული აქცენტი ცნობიერების ამაღლებაზე კეთდება, რისთვისაც სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება.

ერთ-ერთ ამგვარ ღონისძიებას წარმოადგენდა სემინარი, რომელიც 22-23 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისში, „კაცები ესაუბრებიან კაცებს“ ფორმატით ჩატარდა. მას გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისა და ბიზნესორგანიზაციების მაღალი რგოლის მენეჯმენტის 18 წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიების მიზანი იყო, აემაღლებინა მონაწილეების ცნობიერება და მგრძნობელობა გენდერული თანასწორობის შესახებ, რათა მათ კომპანიების მართვის პროცესში შესაბამისი მიმართულებით რეალური, მდგრადი ცვლილებები განახორციელონ და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში კიდევ უფრო ეფექტიანი წვლილი შეიტანონ.

სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ წარმატებული მაგალითებისა და ნაბიჯების წარდგენას, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე არსებული კულტურის შეცვლასა და ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების წახალისებას. ასევე, აქცენტი გაკეთდა მონაცემებზე, რომლებიც ბიზნესსექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვისთვის საჭირო პოლიტიკის განხორციელებისას გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ღირებულია როგორც გენდერული თანასწორობის, ისე ბიზნესორგანიზაციის მოგების გაზრდისთვის.

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო საუბრები გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კერძო სექტორის როლზე, თუ როგორ შეუძლია სწორ ღირებულებებზე დაფუძნებულ მენეჯმენტს გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის კორპორაციულ კულტურაზე. შეხვედრის ყველა მონაწილე შევთანხმდით, რომ კომპანიაში თითოეული რგოლის ჩართულობა და ღირებულებების გაზიარება პირდაპირ აისახება როგორც მის გაზრდილ მოგებაზე, ისე ჯანსაღ სამუშაო გარემოზე“, - აღნიშნა სემინარის ერთ-ერთმა დამსწრემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ.

სემინარის ბოლოს მონაწილეებმა იმსჯელეს დეკრეტულ შვებულებაზე, სექსუალური შევიწროების პრევენციაზე, თანამშრომლების გენდერული თანასწორობის პრინციპებით შერჩევაზე, უსაფრთხო სამუშაო გარემოს ფორმირებაზე და ა.შ.

ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერა და ამ მიზნით განხორციელებული ინიციატივები პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.