კონფლიქტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მკვლევრები გენდერული ანალიზის შესახებ ცოდნას იმაღლებენ
თარიღი:

კონფლიქტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების მნიშვნელობა გლობალური მასშტაბით იზრდება. განსაკუთრებით აქტუალური ხდება მათი კვლევის პროცესში გენდერული პერსპექტივისა და ანალიზის ინტეგრირებაც, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ექსპერტებისა და მკვლევრებისთვის ამ მიმართულებით სპეციფიკური ცოდნის გაზიარებზე მუშაობს.
9-11 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) თანამშრომლობით, კონფლიქტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემების კვლევის პროცესში გენდერული ანალიზის ინტეგრირების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. მას საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრებიდან 10 წამყვანი ექსპერტი და მკვლევარი ესწრებოდა.
ტრენინგზე მონაწილეები სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ომისა და კონფლიქტის გენდერულ ზეგავლენას, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების როლს გაეცნენ. ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლევების პროცესში გენდერული ანალიზის ინსტრუმენტების, მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება იყო. მონაწილეები გაეცნენ წარმატებულ პრაქტიკულ მაგალითებს და, ამავდროულად, გაიუმჯობესეს პროფესიული უნარები მშვიდობის, კონფლიქტისა და უსაფრთხოების თემებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების თვალსაზრისით.
„ტრენინგმა შესაძლებლობა მომცა, გამეცნობიერებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების გენდერულ ჭრილში გაანალიზება, როგორ ხდება გენდერული პერსპექტივისა და ანალიზის გამოყენება კონფლიქტის მოგვარების, მშვიდობის მშენებლობისა და უსაფრთხოების ინიციატივების ყველა ეტაპზე, ასევე, ამ სფეროების კვლევის პროცესში. ჩვენი ფონდის სურვილია, ანალიტიკური და პროგრამული მიმართულებები გენდერულად მგრძნობიარე, ტრანსფორმაციული მიდგომებით გააძლიეროს, რაშიც ეს ტრენინგი ძალიან დაგვეხმარება“, - აღნიშნა რონდელის ფონდის წარმომადგენელმა და ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ ბოცვაძემ.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტმა, ანდრეი კლიმჩუკმა კი გენდერული საკითხების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „ამ ტრენინგმა გვაჩვენა, თუ რამდენად საჭიროა გენდერული ანალიზის ინტეგრირება ყველა კვლევით პროექტში, მათ შორის უპირატესად კონფლიქტის, მშვიდობის მშენებლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დროს. მიმდინარე წელს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თემაზე ორი კონფერენცია გვაქვს და დღის წესრიგში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შეტანასაც ვგეგმავ“, - აღნიშნა მან.
ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი.