მეწარმე ქალებმა საკუთარი გამოცდილება ინოვაციურ მეტავერსში წარადგინეს
თარიღი:
მარცხი, როგორც მოტივაცია და ნაბიჯი წარმატებისკენ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi-ის ფორმატით, 21 ივლისს საკუთარი გამოცდილება აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქალებმა გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ პირველად ღონისძიების ისტორიაში Fuckup Nights Tbilisi ინოვაციურ, ვირტუალურ სივრცეში - მეტავერსში გაიმართა.
სტუმრებს საკუთარი ისტორიები სამმა სპიკერმა უამბო: “ჯიბის სტუდიის“ დამფუძნებელმა, ანა ჩუბინიძემ, ილუსტრატორმა და დიზაინერმა ანა მიმინოშვილმა და „საკურა ბიზნეს ფროფერთის“ დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ. გამომსვლელები შეეცადნენ, ეს ამბები სხვა ქალებისთვისაც მოტივაციად ექციათ.
„დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც დიზაინისა და რეკლამის სფეროთი პირველად დავინტერესდი, ჩემთვის ქალი დიზაინერების პორტფოლიოების დათვალიერება და მათი კარიერული გზის გაცნობა მოტივაციის დიდი წყარო იყო. ეს გამოცდილება, ალბათ, უნივერსალურია, ამიტომ ვფიქრობ, დამწყები ხელოვანისთვის ასეთი ტიპის ღონისძიებებზე, განსაკუთრებით კი ადგილობრივ სცენაზე, ქალის სპიკერების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა საკუთარი გამოსვლის შემდეგ ანა მიმინოშვილმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ღონისძიებებს, რომლებიც ქალებს შორის გამოცდილებების გაცვლას ემსახურება, მხარს აქტიურად უჭერს. Fuckup Nights-იც გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. საქართველოში იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით უკვე მესამედ ჩატარდა. Fuckup Nights Tbilisi-ის მხარდაჭერა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.
საგულისხმოა, რომ Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse-ს მსოფლიოს 22 ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი დაესწრო და მასშტაბურობის თვალსაზრისით იგი 4 ტოპ მეტავერს ღონისძიებას შორის მოხვდა.
Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse-ის ორგანიზატორი სტარტაპ ბიურო იყო. იგი იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობით, საქართველოს ბანკისა და ბილაინის მხარდაჭერით, ჩატარდა. ღონისძიების პარტნიორებს წარმოადგენდნენ: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი - ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და ნოქსტონი. მეტავერს პარტნიორები კი იყვნენ ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).