ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში დევნილი და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ლიდერი ქალები ერთვებიან

თარიღი:

თემის ლიდერი ქალები ზუგდიდში "ერთი ფანჯრის პრინციპის" შესახებ ტრენინგს ესწრებიან. ფოტო: ფონდი "სოხუმი"
თემის ლიდერი ქალები ზუგდიდში "ერთი ფანჯრის პრინციპის" შესახებ ტრენინგს ესწრებიან. ფოტო: ფონდი "სოხუმი"

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის ამ პროცესში ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2020 წლიდან აღნიშნული მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სამიზნე რეგიონებში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაზე კეთდება.

აღსანიშნავია, რომ ლოკალიზაციის პროცესი დევნილი და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ქალების მონაწილეობით მიმდინარეობს. აღნიშნული ჩართულობის ეფექტიანობის გასაზრდელად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებთან - დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“, ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და ქალთა ფონდ „სოხუმთან“ ერთად, თემის ლიდერი ქალების გადამზადებაზე ინტენსიურად მუშაობს. სპეციალური ტრენინგ კურსი 17 სამიზნე მუნიციპალიტეტში უკვე 200-მა ადგილობრივმა ლიდერმა ქალმა გაიარა.

კურსი 12 სასწავლო მოდულს ეფუძნება და ისეთ საკითხებს აერთიანებს, როგორებიცაა ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, კონფლიქტის პრევენცია-გადაჭრა და მშვიდობის მშენებლობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, სამოქალაქო ჩართულობა, ლიდერობა და ადვოკატირება, პრეზენტაციის უნარები და ა.შ.

„სწავლება გავიარეთ და მოტივირებულები შევუდექით იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაგროვდა. ამ კურსმა ახალი გამოცდილება და ენთუზიაზმი მოგვცა. მოტივირებული ქალების ერთობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მცხოვრები მაგული ოქროპირიძე.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების გავლის შემდეგ 140-მა ლიდერმა ქალმა დევნილთა დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გენდერულ ჭრილში საჭიროებების კვლევაც ჩაატარა. კითხვები როგორც ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა სერვისის არსებობას, ისე ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალთა უსაფრთხოებას შეეხებოდა. სულ 583 კითხვარი მომზადდა, რომელთა ანალიზი ამჟამად მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე კი კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებები და გამოწვევები ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებს წარედგინება.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაცია და ლიდერ ქალთა მომზადება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.