საჯარო სამსახურის ბიურომ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად დაამტკიცა

თარიღი:

საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები საჯარო სამსახურში გენდერული მეინსტრიმინგის სამომავლო პრიორიტეტებზე მსჯელობენ. 2021 წელი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები საჯარო სამსახურში გენდერული მეინსტრიმინგის სამომავლო პრიორიტეტებზე მსჯელობენ. 2021 წელი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა 30%-ია ქალი, პირველი და მეორე რგოლის მენეჯერულ პოზიციებს კი მათგან მხოლოდ 36% იკავებს. ეს მონაცემები აშკარა გენდერულ დისბალანსზე მიუთითებს, ამიტომ მის შესამცირებლად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობენ.

ეს თანამშრომლობა გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის დანერგვას, საჯარო სამსახურში ქალთა თანაბარი მონაწილეობისა და ლიდერობის გაძლიერებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, პირველად შეიმუშავა და მიმდინარე წლის 6 ივნისს დაამტკიცა გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტები მიზნად გენდერულად მგრძნობიარე საჯარო სამსახურის სისტემის დანერგვას ისახავს, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში ქალების სრულ, ეფექტიან მონაწილეობასა და ლიდერობას.

აღნიშნული დოკუმენტები ეყრდნობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020 წელს ჩატარებული თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის რეკომენდაციებს. ამასთან, სტრატეგია და სამოქმედოგეგმა სრულ შესაბამისობაშია ნაციონალიზებულ მდგრადი განვითარების 5.5. მიზანსა და მის 5.5.2.1. ინდიკატორთან.

„საჯარო სამსახურში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის ხელშეწყობა ბიუროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, პირველად შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით ჩვენი გზამკვლევი იქნება“,- აღნიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, მაია დვალიშვილმა.

გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ძირითადი ამოცანებია: საჯარო სამსახურში დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნა და ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ოჯახზე მორგებული დასაქმების პოლიტიკის გაძლიერება, ქალი საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ლიდერობის ხელშემწყობი პირობების შექმნა, გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის მტკიცებულებების შექმნა და მონაცემების შეგროვება, საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორგანიზაციული ანგარიშვალდებულების გაზრდა.

საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, საჯარო სამსახურში დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით ხელშესახები შედეგები უკვე მიღწეულია. მათ შორისაა, ბიუროსა და სხვა საჯარო უწყებების მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვა. საგულისხმოა, რომ ამ უწყებების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.