გაეროს ქალთა ორგანიზაცია კონფლიქტით დაზარალებული ქალების და მთავრობასთან დიალოგის მხარდასაჭერად

თარიღი:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესახებ ადვოკატირების შეხვედრა გაიმართა. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესახებ ადვოკატირების შეხვედრა გაიმართა. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერება, მთავრობასთან დიალოგის ხელშეწყობა, მათი საჭიროებების შესაბამის უწყებებთან ადვოკატირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების ჩართულობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილი კი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ქალებისა და გოგოების საჭიროებების იდენტიფიცირება და ადვოკატირებაა.

მიმდინარე წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ლიდერმა ქალებმა საკუთარ თემებში საჭიროებათა კვლევა ჩაატარეს. გამოვლენილი საჭიროებები 19 მაისს, ზუგდიდში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანსა და ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნეს.

„ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ ქალებმა ისაუბრონ საკუთარ საჭიროებებზე, მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე, ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით წყალმომარაგებისა და საბავშვო ბაღების გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტისა და სხვა საკითხების მოწესრიგებაზე“, - აღნიშნა ფონდ „ნეფას“ წარმომადგენელმა, ნინო ყორშიამ, რომელმაც გამყოფი ხაზის მიმდებარე 9 სოფელში გამოვლენილი საჭიროებები წარადგინა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, დევნილთა 12 დასახლებაში გამოვლენილი პრობლემების ნაწილი გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს. ფონდ „სოხუმის“ სამუშაო ჯგუფის ლიდერმა, ხათუნა გოგუამ კვლევის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგიერთი შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ნგრევადია და ალტერნატიული საცხოვრებლის მოძებნა დაუყოვნებლივაა საჭირო.

როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის სტრატეგიულ გადახედვას ახორციელებს და პრიორიტეტი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, სამშვიდობო პროცესებში მათი უფრო აქტიური ჩართულობაა.

„ქალებსა და ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ, როგორც კონფლიქტის პრევენციის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. სწორედ ამიტომ, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია, ერთი მხრივ, მათი ჩართულობის გაძლიერებისკენ სამშვიდობო და სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში, ასევე, მათ წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირებისკენ“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ამგვარი შეხვედრებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ლიდერ ქალებს საკუთარი ოჯახებისა თუ თემების საჭიროებები და პრიორიტეტები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაბამის სამხელმწიფო პროგრამებსა და ბიუჯეტებში ასახვისთვის გაუზიარონ. საჭიროებების კვლევები და აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდთან ერთად.