ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

თარიღი:

10 მაისს, თბილისში, მაღალი დონის შეხვედრა  „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
10 მაისს, თბილისში, მაღალი დონის შეხვედრა „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
10 მაისს, თბილისში, მაღალი დონის შეხვედრა  „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით, იგი მხარს უჭერს ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებას, მათ შორის, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას და ა.შ.

აღნიშნული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ძირითად სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელეს მაღალი დონის შეხვედრაზე „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“, რომელიც 10 მაისს, თბილისში გაიმართა. კონფერენციის მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა, საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა და გაფართოება წარმოადგენდა.

ღონისძიებას თბილისის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, 64 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც კახა კალაძემ შეხვედრის გახსნით სიტყვაში აღნიშნა, საქართველომ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „თუმცა, რჩება პრობლემები, რომლებიც სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია ქალთა გაძლიერება ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნის გზით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები, მათი განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები და ნაბიჯები, ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ძირითად გამოწვევები და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობა განიხილეს. ღონისძიების მსვლელობისას ასევე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამას გარდა, ხელი მოეწერა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე, ამავე ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის მემორანდუმებსაც, რომლებიც მიზნად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერებას ისახავს.

ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.