გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა საკუთრების უფლების პოპულარიზაციაზე მუშაობას იწყებს

თარიღი:

სააგენტოს თავმჯდომარემ, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
სააგენტოს თავმჯდომარემ, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

საქართველოში საკუთრების თანაბარი უფლება და გენდერული თანასწორობის პრინციპი კანონმდებლობითაა დაცული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანები ხშირად ხელმძღვანელობენ მავნე ტრადიციით, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების მფლობელი აუცილებლად კაცი უნდა იყოს. პრობლემას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ საკუთრების უფლების შესახებ ქალების ინფორმირებულობის დონე, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ძალიან დაბალია.

ქალთა გაძლიერების, საკუთრების თანაბარი უფლებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან, რომელსაც 15 მარტს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სააგენტოს დაეხმარება, მისი მომსახურებები, მათ შორის მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით გათვალისწინებული სერვისები, ქალებისა და კაცებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, უწყების პოლიტიკა და პროცედურები კი აძლიერებდეს გენდერული თანასწორობას, განსაკუთრებით უძრავი ქონების ფლობისა და განკარგვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სათემო მობილიზაციის კომპონენტის დახმარებით, ხელს შეუწყობს მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებულობის გაზრდასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას.

ამჟამად საკუთრების ფლობის კუთხით არსებული უთანასწორობა ქალებს დაფინანსების მიღებას და ამ თანხით ბიზნესის დაწყებას ან განვითარებას უზღუდავს, განქორწინებებისას კი წარმოშობს ქონებრივ დავებს და ქალებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან, ამ პრობლემის დაძლევის დამატებით ბარიერს უქმნის.

“ძალიან მნიშვნელოვანია ქალებმა და კაცებმა შეძლონ უძრავი ქონების თანასაკუთრებაში რეგისტრაცია, იცოდნენ შესაბამისი პროცედურები. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი სწორედ ცნობიერების ამაღლება და ქალთა საკუთრების უფლების პოპულარიზაცია იქნება“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.

ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებაში, როგორებიცაა თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა, სქესის ნიშნით დაყოფილი მონაცემების წარმოება და ა.შ.

„მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირების პროცესი უფრო ეფექტიანად დავგეგმოთ და აღვასრულოთ“, - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ოლეგ(ბაჩო) თორთლაძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.