„დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ - საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო სექტორი გლობალურ ინიციატივას შეუერთდა

თარიღი:

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური დირექტორი ნინო ქურდიანი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა სიმბოლურად რეკავენ ზარს გენდერული თანასწორობისთვის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური დირექტორი ნინო ქურდიანი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა სიმბოლურად რეკავენ ზარს გენდერული თანასწორობისთვის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საფონდო ბირჟის მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივი საბანკო-საფინანსო სექტორი ქალთა გაძლიერებისთვის გაერთიანდა. ყოველწლიური გლობალური ინიციატივა „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდა და ყურადღება იმ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა, რომლის შესრულებაც საბანკო-საფინანსო სექტორს გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის შეუძლია.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, გაეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოს გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვს: „ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ არსებითი თანასწორობის მისაღწევად, მათ შორის კერძო სექტორშიც, ჩვენ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. სოციალური სტერეოტიპებისა თუ თანდაყოლილი სტრუქტურული ბარიერების გამო, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები მენეჯერულ პოზიციებზე და ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები“, - დასძინა ჰელენე სანდ ანდრესენმა.

ზოგადად, გენდერული თანასწორობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მაკინზის უახლესი კვლევის მიხედვით, კომპანიებს, რომლებშიც გენდერულად დაბალანსებული, მრავალფეროვანი სამუშაო გარემოა, 15%-ით მეტი შემოსავალი აქვთ. დირექტორთა საბჭოებში ქალების წარმომადგენლობა კი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება. სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება საკუთარ მიმართვაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ: "გენდერული უთანასწორობა ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ქალების აქტიური ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი ისეთ კრიზისულ პერიოდში, როგორშიც ახლა ვიმყოფებით", - აღნიშნა მან და დამსწრეებს ის კონკრეტული რეფორმები გააცნო, რომლებიც ეროვნულ ბანკში გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელდა.

პანდემია და სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებით გამოწვეული კრიზისები გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში აზიანებს. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის როლი, რომელსაც ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების რიცხვის გაზრდით, ქალებზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებითა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივებით, შეუძლია, ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას, შექმნას პოზიტიური ცვლილებების მაგალითები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არა მარტო კონკრეტული ბიზნესების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაშიც. ღონისძიებაზე საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა ამ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, შემდეგ კი ერთობლივი თანამშრომლობის სავარაუდო გეგმებიც განიხილეს.

ღონისძიება წარმოადგენდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.