გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინკლუზიური სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ქალების მომზადებას აგრძელებს

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფური დავალების შესახებ მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოში ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების უზრუნველყოფა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. მის მნიშვნელოვან ნაწილს კი კონფლიქტის გენდერულ ანალიზზე ცნობიერების ამაღლება და მედიატორი ქალების მომზადება წარმოადგენს.

ამ მიმართულებაზე მუშაობის პროცესში გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მის ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. კერძოდ, გასული წლიდან ინსტიტუტში დაინერგა სამდღიანი სატრენინგო კურსი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისს წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი.

ტრენინგი წელს 12-15 დეკემბერს ჩატარდა და მას „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიაში ჩართული სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ასევე, კონფლიქტის თემებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების, მოლაპარაკებებისა და გენდერული პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს, საქართველოს კონტექსტი და გამოცდილება მიმოიხილეს და სიმულაციური სავარჯიშოების დახმარებით სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ პრაქტიკული ინფორმაციაც მიიღეს.

„ქალებს გარკვეულ თემებთან მიმართებით უფრო გენდერულად სენსიტიური მიდგომები აქვთ, ამიტომ ისინი მოლაპარაკებების დროს განსხვავებულ საკითხებს წამოწევენ ხოლმე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ინფორმაცია ჟენევის ფორმატის შესახებ და სიმულაციური სავარჯიშო, რომლის დახმარებითაც ეს პროცესი უფრო მძაფრად გავიაზრე“, - განაცხადა ტრენინგის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიამ ცხოვრებაშვილმა.

მარიამთან ერთად, წელს ტრენინგი სულ 19 მონაწილემ გაიარა. აღსანიშნავია, რომ მას საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე და ამავე დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი უძღვებოდნენ.

საგულისხმოა, რომ კვლევების მიხედვით, როდესაც სამშვიდობო პროცესებში ქალები ერთვებიან, 35%-ით იზრდება ალბათობა, რომ მშვიდობა მინიმუმ 15 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო სამშვიდობო ხელშეკრულებები, რომლებიც ქალების მიერაა ხელმოწერილი, უფრო მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქალთა ეფექტიანი ჩართულობა სწორედ გრძელვადიანი პოზიტიური მშვიდობის მიღწევისთვისაა მნიშვნელოვანი.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.