შენ რას მეტყოდი? - გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

თარიღი:

ვიდეორგოლის მონაწილეები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების რეალურ ისტორიებს კითხულობდნენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ვიდეორგოლში მონაწილეები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების რეალურ ისტორიებს კითხულობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სექსუალური ძალადობა საქართველოში კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე დაფარული დანაშაულია. ქალები ამ თემაზე არ საუბრობენ, რადგან საზოგადოება ხშირად მომხდარში მათვე ადანაშაულებს. სინამდვილეში კი, დუმილისა და ძალადობრივი წრის გასარღვევად, თანაგანცდის გამოვლენა და მსხვერპლის მხარეს დგომაა მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის განხორციელებისას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა წელს აქცენტი იმ ქალების მხარდაჭერაზე გააკეთა, რომლებსაც სექსუალური ძალადობა გამოუცდიათ.

კამპანიამ ვიდეორგოლი და რამდენიმე ვიზუალი გააერთიანა. ვიდეორგოლი, მთლიანად რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შეიქმნა. მასში მონაწილე ადამიანები კითხულობდნენ ნამდვილ ამბებს, რომლებიც საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს სხვადასხვა ადგილას გადახდათ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სპეციალურად კამპანიისთვის მოიძია.

„ვიდეოს ჩაწერისას მსხვერპლების ტკივილი, შიში და იმედგაცრუება შევიგრძენი. ეს განცდა უსაზღვროდ დიდი და ყოვლის მომცველი იყო. ვფიქრობ, მისი ნახვის შემდეგ სხვებიც იმავეს იგრძნობენ და შეეცდებიან, ეს საშინელება არავის განაცდევინონ“, - აღნიშნავს მიშა ავალიანი, 45 წლის ბიზნესმენი, რომელიც ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლების რეალურ ისტორიებს კითხულობდნენ.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) მიხედვით, საქართველოში ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოუცდია. თუმცა, კაცების 36%-სა და ქალების 31%-ს კი მიაჩნია, რომ გაუპატიურების მიზეზი მსხვერპლების წინდაუხედაობაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თანაგანცდისა და მხარდაჭერის გარეშე ამ პრობლემის დაძლევა შეუძლებელია. დადანაშაულების, უხერხული შეკითხვებისა და „მაგრამ“-ების ნაცვლად, მსხვერპლებს უნდა ვუთხრათ, რომ გვესმის და გვჯერა მათი.

“მიხარია, რომ ამ ინიციატივაში ვმონაწილეობ. იჯდე კამერის წინ და კითხულობდე სხვა ქალის ამბავს ასჯერ უფრო ადვილია, ვიდრე თუნდაც ერთ ადამიანს უზიარებდე ძალადობის ისტორიას, რომელიც თავს გადაგხდა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მოვუსმინოთ, დავუჯეროთ და გვერდით დავუდგეთ ქალებს, რომლებიც ამ თემაზე საუბარს შეძლებენ“, - ამბობს ქეთა ტუღუში, 21 წლის სტუდენტი და ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილე.

კამპანია პროექტის ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.