ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შორის დიალოგი გრძელდება

თარიღი:

შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია კვლავაც ხელს უწყობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის დიალოგს. ამ ხელშეწყობის ნაწილს წარმოადგენს რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, 3 დეკემბერს, ჰიბრიდულ ფორმატში გამართა.

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა. მან სამშვიდობო პროცესსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზეც ისაუბრა. თეა ახვლედიანმა მონაწილეებს გააცნო აპარატის ხედვა, რომელიც მიზნად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ განახლებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში კონფლიქტით დაზარალებული ქალების აქტიურ მონაწილეობას ისახავს.

შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული გამოწვევები, პანდემიის დროს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. მონაწილე ქალებმა ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებისგან შესაბამისი რეაგირება მოიხოვეს.

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ელიკო ბენდელიანმა, რომელიც საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ესწრება, ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება: „მათი მონაწილეობა ასეთ ფორმატებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შედეგიანი იქნება, თუ ამგვარ შეხვედრებს ახალგაზრდებთანაც ჩავატარებთ და მათთვის ღირებული საკითხების ადვოკატირებას წინა პლანზე წამოვწევთ“, - აღნიშნა მან.

შეხვედრის ბოლოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებისთვის მზადყოფნა.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.