ხუთი კითხვა: „საერთო ძალისხმევა ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებისა და ამგვარი დანაშაულებების პრევენციისკენ უნდა მივმართოთ“
თარიღი:

ნათია მერებაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეა. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს პროკურატურამ, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების განხილვასთან დაკავშირებით, არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა. ეს ცვლილებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების დაფინანსებით განხორციელდა.
კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდა საქართველოს პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების პრიორიტეტულობისა და განხილვის გაუმჯობესებისთვის?
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურა მსხვერპლების ინტერესების, მათი უსაფრთხოების, მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაციისგან დაცვაზე იყო ორიენტირებული. ამ მიზნით, უწყება სწორი და დროული მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებასა და მსხვერპლების მიმართ მგრძნობიარე მიდგომებს იყენებდა, რამაც სამართალდამცავი სისტემის მიმართ მათი ნდობა გაზარდა.
შედეგად, მიმართვიანობისა და ბრალდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. მაგალითად, 2013-2019 წლებში მიმართვიანობა - 300%-ით, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 190%-ით გაიზარდა. დღესდღეობით პროკურატურის მიერ განხორციელებული მკაცრი პოლიტიკა თითოეული მოძალადისთვის წარმოადგენს გზავნილს, რომ ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება. ეს კი გულისხმობს დანაშაულზე დაუყოვნებლივ რეაგირებას, დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე უარის თქმას, პირისთვის ბრალის წარდგენას, მკაცრი აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის მოთხოვნას.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადრეული ეტაპიდან გვიჭერდა მხარს და ჩვენ ამ ფასდაუდებელი თანამშრომლობისთვის ძალიან მადლიერები ვართ. ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას ხელი შეუწყო ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებამაც. დაიხვეწა დანაშაულის შემადგენლობები, დაემატა დამამძიმებელი გარემოებები, გაიზარდა სანქციები. მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პროკურორებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითებები, რამაც უზრუნველყო მათ მიერ დაზარალებულის ინტერესებზე ორიენტირებული, სწორი და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვა. სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებამ ხელი შეუწყო როგორც პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე პროფესიონალებში მგრძნობელობის გაზრდას.
2018 წლიდან საქართველოში ოჯახში ძალადობის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები მუშაობენ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ინიციატივის შედეგებზე?
საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 20 თებერვლის ბრძანებით, პროკურატურის ორგანოებში ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებამოსილებას მხოლოდ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ახორციელებენ, რომლებმაც ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს.
სპეციალიზაცია გულისხმობს ტრენინგკურსის გავლას, რომელიც სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავს. კვალიფიკაციის ამაღლების გარდა, იგი ოჯახური დანაშაულის საქმეებში ჩართვამდე პროკურორების დამოკიდებულებებსა და მიდგომებს ცვლის, მათ მგრძნობელობას ზრდის, მსხვერპლის მიმართ მეტი თანაგრძნობით განაწყობს, ორიენტირებულს ხდის არა მხოლოდ საქმის შედეგზე, არამედ დანაშაულით გამოწვეული სტრესის შემცირებაზე, პროცესში მსხვერპლის მონაწილეობის გამარტივებაზე, მის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე. სპეციალიზებული პროკურორები დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვის შესახებ საკუთარ მნიშვნელოვან როლს მეტად აცნობიერებენ.
შეიძლება ითქვას, რომ სპეციალიზაციის დანერგვით, საპროკურორო საქმიანობის კვალიფიკაციის ამაღლებით, გამოცდილების გაფართოებითა და მგრძნობიარე მიდგომებით მნიშვნელოვან პროგრესსა და პოზიტიურ შედეგებს მივაღწიეთ.
წელს საქართველოს პროკურატურამ პროკურორების სპეციალიზაცია სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებაშიც დანერგა. რა მოლოდინები გაქვთ ამ სიახლესთან დაკავშირებით?
2021 წლის 10 აპრილიდან სქესობრივ დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები ახორციელებენ. სპეციალიზაციის ტრენინგები ევროპის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. სასწავლო პროგრამა მონაწილეებისთვის საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული სიახლეების გაცნობას მოიცავდა. სპეციალიზაციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც. ამგვარმა მგრძნობიარე მიდგომამ კი მისი უფლებების დაცვის სტანდარტებიც გაზარდა.
გვაქვს მოლოდინი, რომ კვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის პირობებში სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე მომართვიანობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის მაჩვენებელი გაიზრდება. ეს კი შედეგზე ორიენტირებულ სამართალწარმოებასა და გადაწყვეტილებების დროულად მიღებას უზრუნველყოფს, რაც მართლმსაჯულებაზე ქალთა ხელმისაწვდომობასაც გაზრდის.
მიმდინარე წელს პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გენდერული აუდიტი ჩატარდა. რა ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გამოვლინდა ამ პროცესის შედეგად?
თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, როგორებიცაა: გენდერული მეინსტრიმინგი ორგანიზაციის ამოცანებში, პროგრამებსა და მათი განხორციელების ციკლში, ინფორმაციისა და ცოდნის მართვა ორგანიზაციის შიგნით, გენდერული თანასწორობის ასახვა ორგანიზაციის პროდუქტებსა და საზოგადოებრივ იმიჯში, ადამიანური რესურსების მართვაში გენდერული პოლიტიკის განხორციელება, თანამშრომლების მიერ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მიღწევების აღქმა და სხვა.
2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტული მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების მექანიზმი შემუშავდა. ამას გარდა, 2022 წელს გენდერულ მეინსტრიმინგზე ძალისხმევის გაძლიერებას, პროკურატურის შიდა გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასაც ვგეგმავთ. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლების სტრატეგიაში, რომლის დამტკიცებაც წლის ბოლომდე იგეგმება, აუდიტის რეკომენდაციები აისახა, რომელთა შორის 5 გენდერულად მგრძნობიარე ამოცანაა.
რა ინიციატივებს გეგმავთ იმ წინააღმდეგობებისა და გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობის თვალსაზრისით დღის წესრიგში კვლავაც რჩება?
მსხვერპლების მხარდაჭერის კუთხით კვლავაც ბევრია გასაკეთებელი. სახელმწიფოს მნიშვნელოვან გამოწვევად ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება რჩება. ზოგ შემთხვევაში მსხვერპლის მოძალადესთან ცხოვრებას მასზე ან მის ოჯახზე ეკონომიკურად დამოკიდებულების ფაქტორი განაპირობებს.
ასევე, მნიშვნელოვანია მოძალადეთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების გაფართოება, რაც ბრაზის მართვის, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ სწავლებას და სხვა საკითხებს მოიცავს.
საერთო ძალისხმევა ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებისა და ამგვარი დანაშაულებების პრევენციისკენ უნდა მივმართოთ. მნიშვნელოვანია, შეფასდეს გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობა და დაიგეგმოს სამომავლო სისხლის სამართლის პოლიტიკაც, რაზეც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად მუშაობა უკვე დავიწყეთ.