კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა

თარიღი:

პოსტერი, რომელიც მთავარმა არხმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიისთვის სოციალურ ქსელებში გასავრცელებლად შექმნა
პოსტერი, რომელიც მთავარმა არხმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიისთვის სოციალურ ქსელში გასავრცელებლად შექმნა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესკომპანიების მონაწილეობამ სისტემური ხასიათი შეიძინა. კერძო სექტორის წარმომადგენლები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმს კიდევ ერთხელ შეუერთდნენ და ინიციატივა, რომელსაც საფუძველი გასული წლის ნოემბერში ჩაეყარა, ამჯერადაც გააგრძელეს.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიებმა მთავარი აქცენტი სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების აღმოფხვრაზე გააკეთეს და გლობალურ კამპანიას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ.

„გენდერული ძალადობის, მათ შორის სექსუალური შევიწროების, პრევენციასა და აღმოფხვრაში, დამსაქმებლებს განსაკუთრებული როლის შესრულება შეგვიძლია. ქალთა გაძლიერების პრინციპები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფვით, უპირველესად სამუშაო ადგილზე არაძალადობრივი გარემოს შექმნასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ორგანიზაციების შიგნით შევქმნათ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ რეაგირების მექანიზმები, ვიმუშაოთ დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებაზე და ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც შეიძლება ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ვუთხრათ, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ“, - აღნიშნავდნენ კომპანიები განცხადებაში, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გავრცელდა.

განცხადებასთან ერთად, ბიზნესკომპანიებმა სოციალური ქსელების ოფიციალური ანგარიშები 16-დღიანი კამპანიის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაანარინჯისფრეს. სპეციალური ჩარჩო ფეისბუქისთვის კომპანია „ჯეპრამ“ შექმნა, რომელიც ასევე ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერია. 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს კი სასტუმრო „ბილტმორის“ ფასადზე განთავსებული ეკრანი სიმბოლურად ნარინჯისფრად განათდა. აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ასამაღლებლად, 16 დღის განმავლობაში, კომპანიებმა გენდერული ძალადობის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო მასალები გაავრცელეს.

სასტუმრო „ბილტმორის“ ფასადზე განთავსებული ეკრანი სიმბოლურად ნარინჯისფრად განათდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
სასტუმრო "ბილტმორის" ფასადზე განთავსებული ეკრანი სიმბოლურად ნარინჯისფრად განათდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„წარმატებული ბიზნესისთვის სამუშაო ადგილზე ჯანსაღი გარემოს შექმნა პრიორიტეტული უნდა იყოს, რაც გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორმა ნებისმიერი ფორმით შევიწროების პრევენცია და ორგანიზაციაში შესაბამისი მექანიზმების დანერგვა უზრუნველყოს“, - ასე გამოეხმაურა ბიზნესსექტორის ჩართულობას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სუქნიძე.

ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც კერძო სექტორს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ეხმარება. პრინციპების დანერგვაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს და მათზე ხელი ქვეყანაში უკვე 100-ზე მეტ კომპანიას აქვს მოწერილი. ამ საქმიანობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.