ღია კარის დღე ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე

თარიღი: პარასკევი, 5 ნოემბერი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ  დაადასტურა, რომ გაეროს სააგენტოები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ დაადასტურა, რომ გაეროს სააგენტოები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

უკვე მერვე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სისტემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს. ტრადიციისამებრ, ღონისძიება წელსაც ჩატარდა და მან ქალთა საკითხებზე მომუშავე 60-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს უმასპინძლა.

წლევანდელი ღია კარის დღე, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგებსა და ახალი გეგმის შემუშავებას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მასში უშუალო მონაწილეობას იღებდნენ. შესაბამისად, შემუშავდა შედეგზე ორიენტირებული ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა განსაკუთრებულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ითვალისწინებს.

ღია კარის დღის ფარგლებში, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა, აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ აუდიტორიას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია და ხაზი გაუსვეს ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობას: „მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩემი და თანათავმჯდომარეების მზაობა, ერთობლივად გავაგრძელოთ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის ქალების მოსმენა ღია კარის დღეს“,- განაცხადა ჯიჰან სულთანოღლუმ.

შეხვედრის ფარგლებში, ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებმა ის პრობლემები განიხილეს, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან. მაგალითად, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში არსებული მძიმე სიტუაცია, მათი გადაუდებელი განსახლებისა და საკუთრების უფლების მემკვიდრეობით გადაცემის საკითხი, ისეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, როგორებიცაა წყალი, სანიტარია, ჰიგიენა, ინტერნეტი და ა.შ.

ახალგაზრდა აქტივისტმა, მარი ნარმანიამ, რომელიც აფხაზეთიდანაა დევნილი და ახლა სამეგრელოში ცხოვრობს, აუდიტორიას საკუთარი იდეა გაუზიარა: „კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის შეგვიძლია, ბიბლიოთეკები და ციფრული სივრცეები შევქმნათ. მათი დახმარებით, ახალგაზრდები ერთმანეთს შეხვდებიან და მშვიდობისა და მომავლის ერთობლივად დასაგეგმად ინფორმაციასაც გაცვლიან“, - აღნიშნა მან.

შეხვედრის ბოლოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გაეროს სააგენტოები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. ეს კი დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან რეგულარულ შეხვედრებს, კონკრეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა თუ პარტნიორებთან მათ ადვოკატირებას ისახავს მიზნად.

ღია კარის დღეზე მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები გაეროს სისტემას აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც, იგი გაეროს შესაბამისი უწყებების მანდატებისა და აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და პროგრამებს უწევს მხარდაჭერას.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები