გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივები ძლიერდება

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა გოგო სკაუტების ასოციაციის, „დიას“  წარმომადგენლებს შეხვდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა გოგო სკაუტების ასოციაციის, "დიას" წარმომადგენლებს შეხვდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიის რეგიონში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს.

12-13 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა პირველი საქმიანი ვიზიტით სწორედ გურიას ესტუმრა და მათ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

თავდაპირველად კაორი იშიკავა ოზურგეთში გოგო სკაუტების ასოციაციის, „დიას“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად რეგიონის ახალგაზრდებისთვის ძალადობის შესახებ დაგეგმილი ტრენინგები განიხილა. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „დია“ ამ სწავლებას ქვემო ქართლსა და თბილისშიც ატარებს. სესიები სექსუალური შევიწროებისა და ბულინგის, ადრეული და იძულებითი ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა საკითხებს მოიცავს. სულ ინიციატივის ფარგლებში სწავლებას 400 გოგო და 200 ბიჭი გაივლის.

იმავე დღეს კაორი იშიკავა ოზურგეთში კიდევ ერთ ინიციატივას გაეცნო, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გურიასა და ქვემო ქართლში მიმდინარეობს. საუბარია ცნობილ როლურ თამაშზე „იყავი მის ადგილას“ (In Her Shoes) და მასზე დაფუძნებულ შეხვედრებზე, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება, საკუთარ თავზე განიცადონ ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების რეალური ისტორიები, გახდნენ მეტად ემპათიურები ამ პრობლემის მიმართ. ინიციატივის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, 9 მუნიციპალიტეტში 78 ტრენინგი ჩატარდება და მას 1248 ადამიანი (50% ქალი და 50% კაცი) გაივლის.

„საქართველომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკისა და კანონმდებლობის თვალსაზრისით პროგრესს მიაღწია. პროექტის დახმარებით კი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიზანია, გენდერული თანასწორობის მისაღწევად საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები და სოციალური ნორმები შეცვალოს. COVID-19-ის პანდემიის დროს ეს ინიციატივა ქვეყანაში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.

ვიზიტის დასასრულს, 13 ოქტომბერს, კაორი იშიკავამ ოზურგეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი პირების კრიზისული ცენტრიც მოინახულა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორთან, მერი მაღლაფერიძესთან მის მდგრადობასთან დაკავშირებული გეგმები და შესაძლებლობებიც განიხილა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაცისა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგად წლების განმავლობაში სააგენტოს ბაზაზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ახლაც, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვნად იხვეწება, სახელმწიფოს არსებული სერვისები, რაც მოწყვლადი ჯგუფებისთვის მიზნობრივი, მათზე მორგებული და ოპერატიული სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

ოზურგეთის კრიზისული ცენტრი 2018 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე ამოქმედდა. იგი ძალადობის მსხვერპლებსა და ძალადობაგამოვლილ პირებს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას, სარეაბილიტაციო, სამედიცინო, იურიდიულ და რეფერალურ მომსახურებებს სთავაზობს.

გურიაში მიმდინარე ინიციატივებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამწლიანი პროექტის „ქალებისა და გოგოების ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.