სექსუალური ძალადობის საქმეებზე გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო შეიქმნა
თარიღი:
საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, ახალი სახელმძღვანელო მომზადდა. სახელმძღვანელოს მიზანი გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის პრაქტიკულ საქმიანობაში დახმარება, სისხლის სამართლის საქმეებზე უკეთესი შედეგების მიღწევა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნაა.
სახელმძღვანელო გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს, ასევე, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, მათ შორის სასამართლოს წარმომადგენლების მხარდაჭერით შემუშავდა და მისი ონლაინპრეზენტაცია 22 სექტემბერს გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და Equality Now-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენთვის სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა კვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და დაზარალებულზე ორიენტირებული სახელმწიფო ბრალდება გვქონდეს. ეს სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი დამხმარე იქნება ყველასთვის, ვინც ამ თემაზე მუშაობს“, - აღნიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა.
სახელმძღვანელო გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის შესახებ საუკეთესო ტექნიკებსა და მეთოდოლოგიას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საქართველოში არ არსებობდა ქართულ კონტექსტს მორგებული, ქმედითი სასწავლო ინსტრუმენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ იქნებოდა მიმართული.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გამომძიებლებს ზუსტი და სწორი აქცენტები გააკეთონ გამოძიების პროცესში, იყოს სწორი კომუნიკაცია მსხვერპლთან, მოწმეებთან და არჩეული იყოს გამოძიების სწორი სტრატეგია, რათა რეაგირების გარეშე ასეთი ტიპის არცერთი დანაშაული არ დარჩეს. საზოგადოებას კი სამართალდამცავების მიმართ მაღალი ნდობა ჰქონდეს“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით უკვე შემუშავებულია ტრენინგის მოდული, რომლის დახმარებითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებსა და პროკურორებს სპეციალიზებული სტატუსი ენიჭებათ. 2021 წლის დასასრულს ტრენინგი უკვე კრიმინალური პოლიციის 370 თანამშრომელსა და პროკურორს ექნება გავლილი, რაც გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს სექსუალური ძალადობის საქმეებზე მუშაობისას.
სახელმძღვანელო შემუშავდა გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის (UNJP) ფარგლებში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ასევე, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში და საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს მხარდაჭერით.