საქართველოს საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა
თარიღი:

საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.
კვლევის ანგარიში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, CRRC-საქართველომ ჩაატარა, ავტორებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელების შესახებ ეს პირველი სპეციალიზებული კვლევაა და ამ დრომდე პრობლემის შესახებ მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობდა.
„კვლევა საშუალებას გვაძლევს, სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის სწორი ნაბიჯები დავსახოთ. იგი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი საბჭოსთვისაც წარმოადგენს დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც სხვადასხვა ამოცანისა და აქტივობების განხორციელება სწორედ კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ღონისძიებაზე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ.
კვლევაში ასახულია საჯარო მოხელეების დამოკიდებულებები პრობლემაზე რეაგირებისა და შეტყობინების მექანიზმების შესახებაც. გამოკითხულთა 94% აცხადებს, რომ უფლება აქვს, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადოს, 80%-ს კი მიაჩნია, რომ შეტყობინება ძალადობის შეჩერების შედეგიანი ხერხია. გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია, შეტყობინება უწყებაშივე შეძლოს.
„სექსუალური შევიწროების კუთხით საკანონმდებლო დონეზე საქართველოში დადებითი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა პრაქტიკაში გარკვეული პრობლემები კვლავაც არსებობს. წარმოდგენილი რეკომენდაციების იმპლემენტაციაში აუცილებლად ჩავერთვებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არსებული საკანონმდებლო წინასვლა პრაქტიკაშიც გახდეს ხელშესახები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის კუთხით გაეროს ქალთა ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020-2021 წლებში 8 საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმები შეიმუშავა და დანერგა. კვლევის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში ღირებულ როლს შეასრულებს.
კვლევა საერთაშორისო მეთოდოლოგიების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და მან როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი გააერთიანა. კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.