ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ერთობლივი სემინარი სახელმწიფო უწყებების, სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობს
თარიღი:

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების აქტიურ მონაწილეობას გეგმის ეფექტიან შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამ მიზნით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ერთობლივი სემინარი გაიმართა.
სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წინა ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელებისას მიღებულ გამოცდილებას, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი მონიტორინგის ანგარიშებში ასახულ დასკვნებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან კონსულტაციების შედეგად მიღებულ რეკომენდაციებს.
პრემიერის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ახალ ეროვნულ სამოქმედო გეგმას და აღნიშნა, რომ მისი ცალკე მდგომ გეგმად გამოცხადება დოკუმენტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს: „ძალიან ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით აკუმულირებული. ცალკე მდგომი გეგმით კი ხაზს გავუსვამთ მის პრიორიტეტულობას. მაქსიმალურად პრაგმატულები უნდა ვიყოთ, რათა შედეგებს მივაღწიოთ. ამისთვის საჭიროა, პროცესში ჩართულები იყვნენ უწყებები და ის მონაწილეობითი იყოს.“
შეხვედრის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ქალების, მათ შორის დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ეფექტიანი მონაწილეობის საჭიროებას. „არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა როლის გაძლიერების მიმართულებებით გადაიდგა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მივაღწიეთ იმას, რომ არა მხოლოდ ტრენინგებში, არამედ გეგმის შემუშავებისთვის საჭირო საკონსულტაციო შეხვედრებში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ჩართულობაა უზრუნველყოფილი“ - განაცხადა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ.
ერთობლივი სემინარის დასრულების შემდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
სემინარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.