საქართველო თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრიანდა

თარიღი: შაბათი, 18 სექტემბერი, 2021 წელი

თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ  მოაწერა. ფოტო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში საქართველოს გაწევრიანების დოკუმენტს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ მოაწერა. ფოტო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველო თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრიანდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების აუცილებლობას. დოკუმენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანა გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოფხვრისათვის შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მზაობას ადასტურებს. „საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო კოალიციას უერთდება და იღებს ვალდებულებას, რომ შეიმუშავებს და გააუმჯობესებს თანაბარი ანაზღაურების მონიტორინგისა და უზრუნველყოფის მეთოდოლოგიას, მათ შორის აქტიურად იმუშავებს სოციალურ პარტნიორებთან, რომ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ და დაინერგოს თანაბარი ანაზღაურების პრაქტიკა, რომელიც მერე უკვე აისახება ქალთა ეკონომიკურ აქტივაციაში, რაც ზოგადად ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია“, - აღნიშნა ხელმოწერის შემდეგ თამარ ბარკალაიამ.

სახელმწიფოსთვის თანაბარი ანაზღაურების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ნიკო თათულაშვილმაც: „ამ პლატფორმასთან მიერთებით კიდევ ერთხელ ვაღიარებთ, რომ მხარს ვუჭერთ ყველანაირად, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების საკითხს“, - განაცხადა მან.

საქსტატის 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში გენდერული ყოველთვიური სახელფასო სხვაობა 36%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული ქალების თვიური ანაზღაურება, საშუალოდ, დასაქმებული კაცების თვიური ანაზღაურების 64%-ს შეადგენს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოსაფხვრელად საქართველოში 2018 წლიდან მუშაობს და ამ მიმართულებით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, მათ შორის თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრიანების თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია, რომ თავად კოალიციასაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია უძღვებიან.

“დღეს ისტორიული დღეა, რადგან საქართველო თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრიანდა. მაშინაც კი, როცა ქალები და კაცები სამუშაო ძალაში თანაბრად მონაწილეობენ, მაგრამ მათი ანაზღაურება თანაბარი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ისინი ამ სამუშაოსგან სარგებელს უთანასწოროდ იღებენ. ეს არის ქართველი ქალების მხრიდან თანაბარ ანაზღაურებაზე საუბრის დასაწყისი”, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.

თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრიანებაზე ხელმოწერის შემდეგ მთავრობის, პარლამენტის, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოსაფხვრელი ზომები, თანაბარი ანაზღაურების შეფასების და ანგარიშების მეთოდოლოგია და მისი განხორციელებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ინიციატივები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია. იგი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.