ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები დასაქმებული მშობლების მხარდასაჭერად

თარიღი: პარასკევი, 27 აგვისტო, 2021 წელი

„მეიჯერელის“ HR ბიზნეს პარტნიორი ნინო ქევხიშვილი კომპანიის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
"მეიჯერელის" HR ბიზნეს პარტნიორი ნინო ქევხიშვილი კომპანიის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ დასაქმებული მშობლებისთვის მეგობრული, მხარდამჭერი გარემოს შექმნა და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება არა მარტო დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც სასარგებლოა. ამგვარი პოლიტიკითა და მიდგომით მათ შესაძლებლობა აქვთ, გაზარდონ თანამშრომლების პროდუქტიულობა და კმაყოფილება, შეინარჩუნონ ნიჭიერი კადრები, ხელი შეუწყონ ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობასა და ა.შ.

ამ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა გაძლიერების მეორე პრინციპი ბიზნესს ხელფასებისა, სარგოების მიმართულებით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ბავშვებზე ზრუნვის ხელმისაწვდომობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, კერძო კომპანიებს კი მის განსახორციელებლად არაერთ რეკომენდაციას სთავაზობს: მაგალითად, საოჯახო პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილების პოპულარიზაციას, იმგვარი კორპორაციული კულტურის დანერგვას, რომელიც ოჯახის ინტერესების გათვალისწინებაზეა ორიენტირებული, მამების დეკრეტული შვეულების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და წახალისებას, ახალბედა დედების და ორსულთათვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომების მიღებას, დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებული მშობლებისთვის ადაპტაციის პროგრამების შემუშავებას და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამუშაო ბაზარზე 15 წელს ზემოთ ქალების 53% მონაწილეობს, კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 79%-ია, ხოლო აქტიურ რეპროდუქციულ ასაკში (25-34 წელი) ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 58% ხოლო კაცებისთვის 85%-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყანაში მხოლოდ ქალ საჯარო მოხელეებს, ანუ დასაქმებული ქალების 3%-ს აქვთ კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლონ დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით, სხვა დასაქმებული ქალების მაქსიმალური კომპენსაცია კი 1000 ლარია და დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით უზრუნველყოფა მხოლოდ ბიზნესკომპანიების კეთილ ნებაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, კერძო სექტორის მხრიდან მშობლების მხარდამჭერი ინიციატივების წახალისებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამ რეალობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ბიზნესკომპანიებისთვის, რომლებიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების - თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს - მხარდამჭერები არიან, მშობლების მხარდაჭერის ინიციატივების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტიურად მუშაობს. განსაკუთრებით კი პანდემიის კონტექსტის ფონზე, რომელიც დისტანციური მუშაობისა და სწავლის, საშინაო საქმეების არათანაბრად გადანაწილების პირობებში ქალებისთვის ახალ გამოწვევებს აჩენს. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანიები, მაგალითად, ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი და ა.შ. ამ საკითხს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ და გარკვეულ ინიციატივებსაც ნერგავენ.

აღსანიშნავია კომპანია „მეიჯერელის“ პრაქტიკაც, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს კლიენტთა მომსახურების სერვისს საქართველოდან სთავაზობს. კომპანიამ დასაქმებული მშობლებისთვის 9-თვიანი დეკრეტული შვებულების, თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის სადაზღვევო პაკეტის გარდა, არაერთი გასართობ-გამაჯანსაღებელი ონლაინაქტივობა, ოჯახის თანადგომის ბონუსი, დამატებითი შვებულების დღეები, ფსიქოთერაპევტის მომსახურება და სხვა სასარგებლო ინიციატივები დანერგა. ამას გარდა, კომპანიაში ამოქმედდა პროგრამა Feel Good და მის ფარგლებში შეიქმნა მშობელთა კლუბი, რომლის წევრებიც აქტუალურ თემებს ერთად განიხილავენ, გამოწვევებზე ღიად საუბრობენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ. კლუბის შეხვედრები თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავს.

„მშობლობა უზარმაზარ პრივილეგიასთან ერთად ვეებერთელა პასუხისმგებლობაცაა, რომელთან გამკლავებაც ყოველთვის ადვილი არ არის, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, „მეიჯერელში“ დასაქმებული მშობლების მხარდასაჭერად რაიმე პრაქტიკული, სასარგებლო და შემეცნებითი გაგვეკეთებინა. ბედნიერი ბავშვის ბედნიერი მშობელი გაცილებით უფრო მოტივირებული და წარმატებულია, ამიტომ ამ კუთხით საინტერესო აქტივობებს მომავალშიც ვგეგმავთ. მაგალითად, ძალიან მალე დასაქმებულ მშობლებს საშუალება ექნებათ, რამდენიმე თვის განმავლობაში თავად აირჩიონ სასურველი სამუშაო განრიგი“, - აღნიშნავს „მეიჯერელის“ HR ბიზნეს პარტნიორი ნინო ქევხიშვილი.

საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2014 წელს დაიწყო და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, არაერთი საინტერესო ინიციატივა განახორციელა. ამჟამად საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი უკვე 95 კომპანიაა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მათთან მშობლების მხარდამჭერ თუ სხვა ინიციატივებზე მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.