საქართველოს საზღვაო სექტორში ქალების მხარდაჭერა ძლიერდება
თარიღი:

საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავაც გლობალური გამოწვევაა. ამ სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით კაცები დომინირებენ. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ქალები აღნიშნული სექტორის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ.
გლობალური ნეგატიური ტრენდი საქართველოსთვისაცაა დამახასიათებელი: ქვეყანაში 12 800 მეზღვაურიდან ქალი მხოლოდ ორია. საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების წახალისების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან 2018 წლიდან, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას თავად სააგენტოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და ქალთა გაძლიერება წარმოადგენს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უწყების შიგნით არაერთი ინიციატივა განახორციელა: ჩატარდა გენდერული აუდიტი, მიღებული რეკომენდაციები კი შესაბამის სამოქმედო გეგმაში გაიწერა. სააგენტოს თანამშრომლებმა გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები გაიარეს, შემუშავდა სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმი, რომლის დანერგვაზე მუშაობაც გრძელდება.
„სააგენტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ნაყოფიერად ითანამშრომლა, რამაც ბევრ კარგ სიახლეს ჩაუყარა საფუძველი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტში საზღვაო სფეროში ქალების ჩართულობისა და როლის გაძლიერების მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწერა“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, საკრუიზო გემებზე დასაქმების მიმართულებით 6 გოგოც გადამზადდა. შესაბამის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, სააგენტომ საზღვაო სასწავლებლებთანაც თანამშრომლობა დაიწყო. ბათუმის საზღვაო აკადემიაში ნავიგაციისა და ინჟინერიის ფაკულტეტებზე სტუდენტი გოგოებისთვის კვოტების გამოყოფა, სწავლის საფასურის დაფინანსებისა და სხვა სახის სტიპენდიების დაწესების შესაძლებლობაც იგეგმება.
ზოგადად, ქალების მონაწილეობის მხარდაჭერა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთი პრიორიტეტია. გლობალური ადვოკატირების პროცესში კი მუდმივადაა ჩართული საქართველოც და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საზღვაო სფეროში ქალთა როლის გაძლიერების საერთაშორისო კამპანიებსა გენდერული თანასწორობის მისაღწევად დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში მუდმივად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენლობამ IMO-ში აქტიური მონაწილეობა მიიღო IMO-ს გენდერული თანასწორობის ქსელის დოკუმენტის შემუშავებაშიც.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.