სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შენიშვნები „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის“ ალტერნატიულ ანგარიშში

თარიღი:

არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ ალტერნატიულ ანგარიშზე მუშაობას იწყებენ, 2018 წელი. ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს "ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის" ალტერნატიულ ანგარიშზე მუშაობას იწყებენ, 2018 წელი. ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ადეკვატური ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსებით აღჭურვა, გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა, სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად გამოყოფა, ქალებსა და კაცებს შორის ზრუნვის შრომის თანაბარი გადანაწილების ხელშეწყობა - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ რეკომენდაციებიდან, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ერთობლივ ალტერნატიულ ანგარიშში შევიდა და „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ (CEDAW) მონიტორინგის კომისიას წარედგინა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში მოქმედმა 29 ორგანიზაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. იგი საქართველოს მთავრობის მიერ CEDAW კომიტეტისთვის 2020 წლის ბოლოს წარდგენილ მეექვსე პერიოდულ ანგარიშს ეხმაურება და მასში ასახული მტკიცებულებები თუ შეფასებები CEDAW კომიტეტის მიერ სახელმწიფო ანგარიშის კრიტიკული განხილვისას უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. ამას გარდა, იგი, მთავრობის ანგარიშვალდებულების ხაზგასმის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს თავად ორგანიზაციებისთვისაც.

ანგარიშში ხაზგასმულია მიღწეული პროგრესი, თუმცა, ამავდროულად აქცენტი იმ მნიშვნელოვან ხარვეზებზეც კეთდება, რომლებიც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებობს. დოკუმენტში გამოვლენილია პრობლემური სფეროები და გაწერილია რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით აღებულ საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებს შეესაბამება. ამავდროულად, ანგარიში საქართველოს პარლამენტს გენდერული თანასწორობის ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგიის მიღებას ურჩევს, საქართველოს მთავრობას კი, პოლიტიკის შემუშავებასა და საბიუჯეტო პროცესებში გენდერის ინტეგრირების მიზნით, გენდერული მეინსტრიმინგის მკაფიო პოლიტიკის განხორციელებისკენ მოუწოდებს.

„მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებული ალტერნატიული ანგარიში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებისა და ქსელების სრულფასოვანი ჩართულობით მომზადდა. იგი ნათლად აჩვენებს, რომ მიღწევების მიუხედავად, არსებობს გამოწვევები და ზოგ შემთხვევაში უკან გადადგმული ნაბიჯებიც კი. ეს არასისტემურ მიდგომებსა და იმ ჯერ კიდევ სუსტ ინსტიტუციებზე მიუთითებს, რომლებიც ქვეყანაში თანასწორობის პოლიტიკის გატარებასა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე არიან პასუხისმგებლები. იმედი გვაქვს, რომ ანგარიში მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტი იქნება CEDAW კომიტეტისთვის, საქართველო კი მიიღებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომი წლებისთვის მთავარ გზამკვლევად იქცევა, რათა ქვეყანამ არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეძლოს“, - აცხადებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე-მაია რუსეცკაია.

ალტერნატიულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჭიროა, მეტი ყურადღება მიექცეს გენდერის ინტერსექციურობას, დისკრიმინაციის იმ სხვა მრავალ ფორმასთან ერთად, რასაც ლგბტქი+, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალები აწყდებიან. ასევე, რეკომენდებულია სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების წარმოება, როგორც პოლიტიკის შემუშავებისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვალდებულებაა, ეროვნულ პარტნიორებთან, მათ შორის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად მუშაობა, რათა მხარი დაუჭიროს CEDAW კომიტეტის მიერ აღნიშნული ანგარიშიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული შემაჯამებელი კომენტარების განხორციელებას“,- აღნიშნავს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი და დასძენს, რომ ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადების პროცესი ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იყო.

სახელმწიფოები CEDAW კომიტეტში პროგრესის ამსახველ ანგარიშს ოთხ წელიწადში ერთხელ წარადგენენ ხოლმე. მიღწეული პროგრესის შესაფასებლად, კომიტეტი როგორც მთავრობის ოფიციალურ ანგარიშს, ისე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ ალტერნატიულ ანგარიშებსაც განიხილავს. საქართველოს მიერ წარდგენილ მეექვსე პერიოდულ ანგარიშს CEDAW 81-ე სესიაზე, 2022 წლის თებერვალში განიხილავს.

ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.