გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა გრძელდება

თარიღი: ხუთშაბათი, 29 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიზნით, თანამშრომლობას აგრძელებენ. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის არსებული პროექტების გარდა, ახალი ინიციატივების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს სამინისტროში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარების პროცესსა და შესაბამის რეაგირებას, სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება-ანალიზის სისტემის გაძლიერებასა და აღნიშნული მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე, უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის (DCAF), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შემუშავებული პრაქტიკული მითითებების კრებულის, „გენდერი და უსაფრთხოება“ სამინისტროში დანერგვას.

“გენდერული თანასწორობის კუთხით წარმატებები და პროგრესი გვაქვს. ბუნებრივია, წინ ძალიან ბევრი პროცესია“, - განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა კი აღნიშნა, რომ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესრულება და სამინისტროში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება.

თავდაცვის სამინისტრომ გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. რეგულარულად ხორციელდება სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გენდერული მრჩევლების ტრენინგები, სამინისტროს სისტემაში გენდერულ ნიადაგზე დისკრიმინაციის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესების ღონისძიებები, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლისწინა მომზადების პროცესში გენდერის საკითხების სისტემატიზაცია.

მემორანდუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში” ფარგლებში გაფორმდა. იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები