ლგბტქი თემი რთული რეალობისა და გამოწვევების პირისპირ

თარიღი:

ლგბტქი თემი რთული რეალობისა და გამოწვევების პირისპირ
 

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა საქართველოში კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ საკითხებად რჩება. ლგბტქი ადამიანები არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგანან, პანდემია კი არსებულ რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამ პრობლემატიკის სიმწვავე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს სააგენტოების ინიციატივით, ონლაინფორმატში, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

შეხვედრას გაეროს, შვედეთის საელჩოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ლგბტქი ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ. იგი გენდერულ ძალადობასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, პანდემიის ზეგავლენას, მისი შედეგების განხილვასა და ამ საკითხების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ეძღვნებოდა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის რეკომენდაციების შესრულება მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავების, ომბუდსმენის მანდატის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში ლგბტქი თემის უფლებათა ინტეგრირების თვალსაზრისით გარკვეული პროგრესი არსებობს, თუმცა კანონმდებლობისა და პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელება მწვავე პრობლემად რჩება.

„გამოწვევას წარმოადგენს ცოდნის ერთიანი ბაზის შექმნა, რომელიც ქვიარ ადამიანების გამოცდილებას დაეყრდნობა, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელების მგრძნობელობისა და ცნობიერების ამაღლება, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა და გენდერის სამართლებრივი აღიარება“, - განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსა და მის პრევენციაზე გამახვილდა. წლებია, ლგბტქი თემი საქართველოში ძალადობის საფრთხის წინაშე დგას, თუმცა პრობლემად რჩება მათი უნდობლობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, ლიკა ჯალაღონიამ აღნიშნა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ლგბტქი ადამიანების 30%-ს ფიზიკური ძალადობას გამოუცდია, თუმცა სამართალდამცავებს მხოლოდ 32-მა პირმა მიმართა. „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლაში პრევენციაა უმნიშვნელოვანესი და სამართალდამცავ უწყებებს სწორედ ეს აკლიათ. ამჟამად პოლიცია მოქმედებს რეაქციულად: ერთვება მაშინ, როცა ძალადობა ხდება და ხშირად უბრალოდ მომრიგებლის როლს თამაშობს. ამასთან, არ არსებობს მსხვერპლების მხარდაჭერის სისტემა. მათ ამისამართებენ სათემო ორგანიზაციებში, რომლებსაც შეზღუდული რესურსი აქვთ“, - განაცხადა ლიკა ჯალაღანიამ. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელმა ქეთევან ბახტაძემ კი, რომელმაც გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ისაუბრა, დასძინა, რომ „მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ქმედება და ცვლილება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან განხორციელდება, სათემო ორგანიზაციებისა და თემის გამოცდილების გაზიარებით, მათი ჩართულობით მოხდეს“.

საკონსულტაციო შეხვედრამ ის პრიორიტეტები და საჭიროებები გამოავლინა, რომლებზე მუშაობაც ლგბტქი თემის უფლებების ადვოკატირებისთვისაა მნიშვნელოვანი. იგი. გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.