ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან რეგულარულ შეხვედრებს აგრძელებს.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 24 მაისს, ონლაინ ფორმატით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, გამართა და მის მიზანს სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის მხარდაჭერა წარმოადგენდა.
შეხვედრა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა. მან სამშვიდობო პროცესსა და ნდობის აღდგენაში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. თეა ახვლედიანმა ისაუბრა აპარატის ახალ ინიციატივაზეც, რომლის ფარგლებშიც ქალთა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - საკონსულტაციო პლატფორმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“ შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების სტრუქტურულ და ეფექტიან მონაწილეობას, მათი როლის ზრდას მშვიდობის მშენებლობის პროცესებში.
სამშვიდობო პროცესებში ქალთა დაბალი მონაწილეობა საქართველოში კვლავაც პრობლემად რჩება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა ხაზი გაუსვა იმ დამატებით ღირებულ როლს, რომელსაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ასრულებს. „ამგვარ პლატფორმებსა და მექანიზმებთან დაკავშირებით სისტემური კონსულტაციების გაფართოება და ქალების ინფორმირებაა საჭირო“,- აღნიშნა მან.
საგულისხმოა, რომ შეხვედრისას სათემო ორგანიზაციების წევრებმა ოს და ქართველ ქალებს შორის პირდაპირი დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დააყენეს: „გთავაზობთ ერგნეთში ქალების დიალოგის კარვის დადგმას, სადაც ოს და ქართველ ქალებს მოლაპარაკება შეეძლებათ, სოციალურ პროექტებზე ვისაუბრებთ და საერთო პრობლემებს ერთად მოვაგვარებთ“- განაცხადა მაგული ოქროპირიძემ, რომელიც სოფელ ერგნეთში ცხოვრობს.
შეხვედრის ბოლოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ის საკითხები მოინიშნეს, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.
შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.