მეწარმე ქალები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები საქართველოდან ქალთა მეწარმეობის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ

თარიღი:

მეწარმე ქალები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები საქართველოდან ქალთა მეწარმეობის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ

გამოცდილების გაზიარება, სწავლა, თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოძიების შესაძლებლობები ასობით ქალისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, 27-29 აპრილს ქალთა მეწარმეობის პირველი ვირტუალური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.

ონლაინღონისძიება COVID-19-ის პირობებში ქალი მეწარმეების საქმიანობის, იდეებისა და მისწრაფებების მხარდაჭერას, მათთვის ახალი კონტაქტებისა და ინვესტიციების მოძიებას ემსახურებოდა.

„როგორც ყველა კრიზისის დროს, ახლაც, ქალები განსაკუთრებულად დიდი დარტყმის ქვეშ არიან. COVID-19-მა არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო წარმოაჩინა და გააღრმავა. პანდემიამდეც რეგიონში ფინანსურად დაუცველი უამრავი ქალი იყო, ბევრსაც დაბალი ანაზღაურების, არასრულად ან არაფორმალურად დასაქმების პრობლემა ჰქონდა, ნაკლებად ან საერთოდ არ მიუწვდებოდა ხელი სოციალურ დაცვაზე“,- აღნიშნა გამოფენის გახსნაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ალია ელ იასირმა.

ღონისძიებამ 50 ქვეყნიდან 500-ზე მეტ მონაწილეს მოუყარა თავი, მათ შორის საქართველოდან. 20-მა ქართველმა მეწარმე ქალმა, სხვებთან ერთად, გამოფენაზე საკუთარი საქმიანობა წარმოაჩინა. ერთ-ერთი მათგანი იყო სასაჩუქრე ვაუჩერების ონლაინპლატფორმის, www.wowchy.ge -ის დამფუძნებელი თათია ხაინდრავაც. „გამოფენის მსვლელობისას მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებმა ბრენდინგის, ბიზნესმოდელისა და ლოჯისტიკის შესახებ სემინარები ჩაგვიტარეს. ამას გარდა, მეწარმე ქალებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთი გავიცანით და საკუთარ გამოცდილებაზე ვისაუბრეთ, ერთმანეთს რჩევები მივეცით. ამ ღონისძიებით პრაქტიკული ინფორმაცია მივიღე, რაც ბიზნესის დახვეწასა და განვითარებაში დამეხმარება“, - აღნიშნავს თათია.

საქართველოდან გამოფენას შეუერთდნენ კომპანიები „ლოიალტე“, „კანტის აკადემია“, „ჯიპიაი“, „კრისტალი“, PricewaterhouseCoopers საქართველო და, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. მათმა წარმომადგენლებმა ბრენდინგის, მარკეტინგის, ელექტრონული კომერციისა და ინვესტიციების მოძიების შესახებ ლექციები ჩაატარეს და ღირებულებათა ჯაჭვებში მეტი ქალი მეწარმის ჩართვის შესახებ საკუთარ პრაქტიკაზე ისაუბრეს.

“მიხარია გამოფენაში მონაწილეობა და ის ფაქტი, რომ მას ქალი მეწარმეები საქართველოდანაც შეუერთდნენ. ეს იყო მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებისგან გამოცდილების გაზიარებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოსმენის, ასევე, ახალი კონტაქტების მოძიების შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც მეწარმეებს საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასატანად გამოადგებათ. დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიება ახალი აღმოჩენების წყარო გახდება“, - განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაის“ კომუნიკაციების დირექტორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა, რომელიც გამოფენაზე მარკეტინგისა და ბრენდინგის საკითხებზე მოხსენებით წარდგა.

ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა ის მძიმე გამოწვევები რომელთა წინაშეც პანდემიამ ქალი მეწარმეები დააყენა. გამოფენის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ COVID-19-ის შემდგომი, აღდგენითი საქმიანობების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მათი მხარდაჭერა უნდა გახდეს.