სექსუალურ დანაშაულებებზე სპეციალიზებული პროკურორები იმუშავებენ

თარიღი:

59-მა პროკურორმა სპეციალიზაციის კურსი უკვე გაიარა და მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. ფოტო: საქართველოს პროკურატურა
59-მა პროკურორმა სპეციალიზაციის კურსი უკვე გაიარა და მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. ფოტო: საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა პროკურორების სპეციალიზაციის მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს. ოჯახური დანაშაულების შემდეგ სპეციალიზებული პროკურორები სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზეც იმუშავებენ. ინიციატივა, რომელიც 10 აპრილიდან ამოქმედდა, უწყებამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს მხარდაჭერით დანერგა.

სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სპეციალიზებული პროკურორების ჩართვა და მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვა პროგრესული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით 59-მა პროკურორმა სპეციალიზაციის კურსი უკვე გაიარა და მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, სასწავლო პროგრამა დაზარალებულთან/მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავს. 4-დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სქესობრივ დანაშაულებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, სქესობრივ დანაშაულთა განმარტება და სქესობრივი დანაშაულების ურთიერთგამიჯვნის საკითხები, გამოძიების პრობლემური საკითხები, მტკიცებულებათა მოპოვება და მტკიცებულებითი სტანდარტი, დაზარალებულად ცნობისა და სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვის სტანდარტები, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები, დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომები სამართალწარმოების პროცესში. აგრეთვე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან გასათვალისწინებელი გარემოებები და მიდგომები, სქესობრივ დანაშაულებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის საკითხები, შშმ პირების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სპეციფიკა, სექსუალური ძალადობა და ტრავმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები და ა.შ.

„ჩვენი მიზანია აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლება და ვფიქრობთ, რომ სპეციალიზაცია ამისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.

„გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს პროკურატურის მზაობას, მეტი გულისხმიერებითა და თანმიმდევრულობით მოეკიდოს იმ გამოწვევებს, რომლებიც სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს. პროკურორების სპეციალიზაცია სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს და სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის რევიქტიმიზაცია არ მოხდეს“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც პროკურატურაში გაიმართა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. შედეგად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2018 წლის მაისიდან საქართველოში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები მუშაობენ. ეს თანამშრომლობა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამასა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ახორციელებს.