ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან რეგულარული დიალოგი გრძელდება

თარიღი: ორშაბათი, 26 აპრილი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რეგუალურ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რეგულარულ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რეგუალურ საინფორმაციო შეხვედრებს, რომელთა მთავარი მიზანიც სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებაა.

ასეთი ბოლო შეხვედრა 26 აპრილს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ გამართა.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, ორ სესიად წარიმართა. პირველი სესია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას დაეთმო, რომლის დროსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესში არსებულ დინამიკასა და გამოწვევებზე ისაუბრა. მეორე სესია კი სამშვიდობო პროცესებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების გაუმჯობესების ახალ ინიციატივებს მიეძღვნა.

შეხვედრის დასაწყისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ფარგლებში სამოქალაქო სექტორთან და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, ქალთა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც შერიგების პოლიტიკისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე ინფორმაციას რეგულარულად გაცვლიან და სტრატეგიულ მიმართულებებსაც დაგეგმავენ. ინიციატივა ხელს შეუწყობს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების სტრუქტურულ და ეფექტიან მონაწილეობას, მათი როლის ზრდას მშვიდობის მშენებლობის პროცესებში.

შეხვედრაზე საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა: „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი არ უნდა განვიხილოთ, როგორც სხვა რეზოლუციების დამატება. ის ამ ძალისხმევის ცენტრალური ნაწილია. თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ფუნდამენტურ ფაქტს, რთული იქნება რეალური პროგრესის მიღწევა იმ მაღალ იდეალებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს მოხსენებებში, ძირითად დოკუმენტებსა და რეზოლუციებშია გამოხატული“, - აღნიშნა მან.

შეხვედრაზე ქალთა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების გამოწვევებზე ისაუბრეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ქართველ მონაწილეებს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები შესთავაზეს. ეს წინადადებები სამომავლოდ ხელს შეუწყობს მშვიდობის მშენებლობის პროცესებში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების გაფართოებულ მონაწილეობასა და როლის გაზრდას, მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე ოპერატიულ რეაგირებას.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები