მეწარმე ქალები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ერთმანეთს საკუთარ წარმატებებს უზიარებენ

თარიღი: ოთხშაბათი, 24 მარტი, 2021 წელი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ფინანსური მენეჯმენტისა და დაზოგვის შესახებ სომეხი და ქართველი მეწარმე ქალებისთვის სამუშაო შეხვედრას მართავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ფინანსური მენეჯმენტისა და დაზოგვის შესახებ სომეხი და ქართველი მეწარმე ქალებისთვის სამუშაო შეხვედრას მართავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

15-24 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქეა კავკასიასთან პარტნიორობით, ონლაინსესიები გამართა. მათ ნაწილს - საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილს კი საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები მეწარმე ქალები დაესწრნენ. შეხვედრები მიზნად ამ ქალებს შორის კავშირების გაძლიერებასა და პოზიტიური პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა. შედეგად, ერთგვარი პლატფორმა ჩამოყალიბდა, რომლის დახმარებითაც მეწარმეებს ერთმანეთისგან ცოდნის, ახალი ინფორმაციისა და შთაგონების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

2021 წლის რეგიონული ღონისძიება ფოკუსირებული იყო სტრატეგიულ დაგეგმვასა და მოქნილობაზე, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით ნაკარნახევ საკვანძო მიმართულებებს წარმოადგენს და, ასევე, ბაზრის შემდგომ გრძელვადიან ცვლილებებზე. მეწარმე ქალების მონაწილეობა კი იმ ახალი მიდგომებისა და სტრატეგიების შესწავლას ემსახურებოდა, რომლებიც სამომავლოდ მათ მდგრადობის უზრუნველყოფაში, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მოგების მიღებაში დაეხმარება. განსახილველი საკითხები შეეხებოდა ისეთი შესაძლებლობების გაცნობასაც, რომლებსაც ციფრული გადაწყვეტილებები, მომსახურების მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიები, ფინანსური დაგეგმვა და მატერიალური სახსრების დაზოგვის კუთხით არსებული იდეები გვთავაზობს.

პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დიანა იმედაშვილმა საკუთარი მიღწევები წარადგინა. ფოტო: სოფო მაღალდაძე
პროექტის მონაწილემ, დიანა იმედაშვილმა საკუთარი მიღწევები წარადგინა. ფოტო: სოფო მაღალდაძე

ისეთი მცირე საწარმოები, როგორებიცაა სამკერვალო სალონები, საცხობები და სილამაზის სალონები, პანდემიის დროს განაკუთრებით დაზარალდნენ. შეზღუდვებმა და მომხმარებლების გადაწყვეტილებამ - ფული მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებსა და მომსახურებებზე დაეხარჯათ, მათ მძიმე ფინანსური დარტყმა მიაყენა. ონლაინსესიების დროს მონაწილე ქალებმა ერთმანეთს ის სასარგებლო სტრატეგიები გაუზიარეს, რომლებიც ახალ რეალობასთან მარტივ, წარმატებულ ადაპტაციაში დაეხმარათ. „სამკერვალო საქმიანობით ვიყავი დაკავებული და თეთრეულს ვყიდდი, თუმცა პანდემიამ ჩემს ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედა. ახლა გაყიდვები აღარ მაქვს. მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები დამეხმარება, არსებულ ვითარებას მოვერგო“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ აზერბაიჯანიდან.

სამივე ქვეყნის მეწარმეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ციფრულმა გადაწყვეტილებებმა, როგორც მომხმარებელთა მოზიდვის ალტერნატიულმა მეთოდმა. ასევე, იმ პრაქტიკულმა რჩევებმა, რომლებიც ექსპერტებმა დამსწრეებს ფინანსებისა და დანაზოგების თვალსაზრისით გაუზიარეს. ”ფულის მართვა შესაძლოა ბრძოლაც იყოს. მადლობა ამ პრაქტიკული ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევებისთვის“, - განაცხადა მეწარმე ქალმა სომხეთიდან.

რეგიონული ღონისძიება ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და სლოვაკეთის მთავრობის მიერ.