სამხრეთ კავკასიის საფონდო ბირჟები ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდნენ

თარიღი:

ბაქოს საფონდო ბირჟა ინიციატივაში "დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" ჩართვამდე. ფოტო: UNDP აზერბაიჯანში
ბაქოს საფონდო ბირჟა ინიციატივაში "დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" ჩართვამდე. ფოტო: UNDP აზერბაიჯანში

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ბაქოს საფონდო ბირჟამ და სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟამ ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და საფინანსო სექტორში ლიდერობის მხარდასაჭერად, ისინი მსოფლიოს 100 საფონდო ბირჟის მსგავსად, ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდნენ. ამ ჟესტით მათ კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც კერძო სექტორი როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეებზე გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით ასრულებს.

„დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების, საფონდო ბირჟების მდგრადი ინიციატივის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების წამოწყებას, რომელიც მიზნად ისახავს, წაახალისოს საფინანსო სექტორი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების, როგორც ერთ-ერთი პოზიტიური ცვლილების მხარდაჭერისკენ. ინიციატივა 2015 წლიდან მოქმედებს.

ბაქოს საფონდო ბირჟა წამორწყებას წელს პირველად შეუერთდა. მისმა წარმომადგენლებმა მთავარი აქცენტი დამსწრე ორგანიზაციებზე გააკეთეს და ღონისძიების გამართვით ხაზი გაუსვეს შრომის ბაზარზე ქალთა თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას. ”ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბაქოს საფონდო ბირჟა ინიციატივას უერთდება. დღეს აზერბაიჯანში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ზარი პირველად დაირეკება“, - აღნიშნა ბაქოს საფონდო ბირჟის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ელდარ აბდულაევმა.

სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა ინიციატივას "დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" უკვე მეორედ შეუერთდა. ფოტო: UNDP სომხეთში
სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა ინიციატივას "დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" უკვე მეორედ შეუერთდა. ფოტო: UNDP სომხეთში

სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა ინიციატივას უკვე მეორედ შეუერთდა. მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ ბანკებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მსჯელობა სომხეთში ქალთა გაძლიერებაზე, ლიდერობაზე, ქალთა ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაფართოებაში დამსაქმებლების როლზე წარიმართა. HSBC ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა სელანიანმა დამსწრეებს გაუზიარა მაგალითები, თუ როგორ იქმნება ქალებისთვის საფინანსო ინდუსტრიაზე წვდომისა და წარმატებული მოღვაწეობის სივრცე. ღონისძიება ზარის დარეკვით დასრულდა.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია და იგი შვეიცარიის, ავსტრიისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ფინანსდება. სომხეთსა და აზერბაიჯანში პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი წარმომადგენლობები ახორციელებენ.