გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი ჩატარდა
თარიღი:
უკვე მეცხრე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეროვნულ პარტნიორებს თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარებაში ეხმარება. შედეგად, ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენებით გენდერული მეინსტრიმინგის ხარისხი შეაფასონ და საკუთარ მიდგომებში, პროგრამებსა თუ სტრუქტურაში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების შესაძლებლობები განსაზღვრონ.
ერთ-ერთი უწყება, რომელმაც თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი 2020 წლის ბოლოს ჩაატარა, საქართველოს პროკურატურაა. პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წარიმართა. აუდიტის შედეგების განხილვა კი 2021 წლის 29 მარტს შედგა. შეხვედრაზე პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, 2000-იანი წლების დასაწყისშია შემუშავებული. ინსტრუმენტი აფასებს, თუ რამდენად ეფექტიანი სისტემაა ორგანიზაციაში გენდერული მეინსტრიმინგისთვის და როგორია პროგრესი ამ მიმართულებით, ავლენს კრიტიკულ გამოწვევებსა და ხარვეზებს, ორგანიზაციას კი მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
„თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები საქართველოს პროკურატურის ახალი სტრატეგიისა და 2021 წელს დაგეგმილი შიდა პოლიტიკის სხვა დოკუმენტების შემუშავებაში აისახება“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.
„საქართველოს პროკურატურა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია. მრავალი წელია ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ქალებისა და გოგოებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოს პროკურატურას დაეხმარება, სისტემაში გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით არსებული ხარვეზები აღმოფხვრას და გენდერულად მგრძნობიარე შიდა პოლიტიკითა და პროცედურებით ისარგებლოს“, - აღნიშნა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა.
ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.