მეწარმე ქალები სომხეთში ბიზნესსაქმიანობას ავითარებენ

თარიღი:

ანა ვოსკანიანი. ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა სომხეთში
ანა ვოსკანიანი. ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა სომხეთში

„შეზღუდული შესაძლებლობები ოცნების ახდენის გზაზე წინაღობად არ უნდა იქცეს“, - ამბობს ანა ვოსკანიანი, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ თანაბარ პირობებში რთული მიზნების მიღწევაც შესაძლებელია.

33 წლის ანა სომხეთში, გეგანკუნიკის პროვინციაში, ქალაქ ჩამბარაკში ცხოვრობს და მცირე საოჯახო სასტუმროს მართავს. ბიზნესსაქმიანობის დაწყებისკენ მას საკუთარი ქალაქის პოპულარიზაციის სურვილმა უბიძგა. ჩამბარაკს ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა მათ კეთილმოწყობილ სასტუმროში დარჩენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ანამ გადაწყვიტა, პირველი ნაბიჯები თავად გადაედგა, მერე სხვადასხვა პროექტის დახმარებით სივრცე გაარემონტა და ტურისტებს B&B სერვისი - საუზმე და ღამის გათენება შესთავაზა.

მალევე გეგანკუნიკის პროვინციაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ დაიწყო. ანა პროექტის გასაცნობ შეხვედრაზე მივიდა და მისი ერთ-ერთი მონაწილე გახდა. თანდათან ტრენინგები გაიარა, შემდეგ კი საქმიანობის განვითარებისთვის მცირე გრანტიც მიიღო, რითაც სასტუმროსთვის საჭირო ავეჯი შეიძინა.

ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ბიზნესის დაგეგმვის, მარკეტინგის, სოციალური მედიისა და ბრენდინგის თემებზე წარიმართა. ანა ამბობს, რომ პროექტით მიღებული ახალი ცოდნა და უნარები მას ბიზნესის განვითარებასა და შემოსავლის გაზრდაში დაეხმარა. „ბევრი რამ ვისწავლე. უკეთ დავგეგმე საქმიანობა და ფინანსები, საუკეთესო პრაქტიკებს გავეცანი, უფრო ეფექტიანად გადავანაწილე რესურსები და ახალი მომხმარებლებიც მოვიზიდე. საქმიანი და სოციალური კონტაქტები გავაფართოვე, გამიძლიერდა თავდაჯერება, რომ საყვარელი საქმის გაგრძელება შემიძლია“, - აღნიშნავს ანა.

ანასთან ერთად, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრაში გეგანკუნიკის პროვინციაში მცხოვრები 275 ქალი მონაწილეობდა. მათ საკუთარი საქმიანობების შესახებ პროექტის ფარგლებში კონსულტაციებიც მიიღეს, 128 მონაწილე კი გრანტითაც დაფინანსდა. ანა გეგმავს, სამომავლოდ საქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს და გაყიდვები გაზარდოს.

პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამასა და ტერიტორიული ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს. იგი შვეიცარიის, ავსტრიისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერაა დაფინანსებული.