პასუხისმგებლიანი ბიზნესი ქალთა მხარდაჭერას აგრძელებს

თარიღი:

ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების შემაჯამებელი ღონისძიება და ხელმოწერის ცერემონია; თბილისი, 2019 წელი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების შემაჯამებელი ღონისძიება და ხელმოწერის ცერემონია; თბილისი, 2019 წელი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

2020-მა წელმა და პანდემიამ ქალთა მხარდამჭერი ინიციატივები და პასუხისმგებლიანი ბიზნესის აქტიურობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. COVID-19-მა განსაკუთრებული საფრთხე სწორედ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებს შეუქმნა, ამიტომ იმ კომპანიების როლმა, რომლებიც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები არიან, კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა.

განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის სირთულეებისა და შეზღუდვებით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, კომპანიებმა, რომლებიც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები არიან, მათ განსახორციელებლად საქართველოში არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოიწყეს. შედეგად, ქალებმა ორგანიზაციების შიგნით თუ მათ ფარგლებს გარეთ რეალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა მიიღეს.

კომპანიების აქტივობებს შორის იყო მეწარმე ქალებისთვის ტრენინგების ჩატარება, მათზე მორგებული სასწავლო მოდულების შემუშავება, ცოდნის გაზიარება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დახმარება, კაცებით დომინირებულ სფეროებში, მაგალითად ტექნოლოგიებში, ქალებისა და გოგოების წარმომადგენლობის გაზრდა და ა.შ. „ლიბერთის, „კანტის აკადემიის“, „ლაბისა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივებმა ასობით ქალისთვის პანდემიის კრიზისი განათლების მიღების შესაძლებლობად აქცია. „წავედით კიდევ უფრო შორს და ახლა უკვე ტექსტარტაპებზე ვმუშაობთ ქალებისთვის, მათი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. მომავალი ამ ინიციატივას დიდი აქვს. წინ ბევრი გეგმაა, რომლებიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ“, - ამბობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მხარდამჭერი აქტივობები კერძო სექტორმა სხვადასხვა მიმართულებით წარმართა. მაგალითად, პანდემიის შედეგად ძალადობის გაზრდილ რისკებს გამოეხმაურა კომპანია „ემბისი“, რომელიც ძალადობაგამოვლილ ქალებს დაეხმარა, სოფლიდან.ჯიმ მეწარმე ქალებს პროდუქტების ონლაინრეალიზაციაში შეუწყო ხელი, ტელეკომპანია „მთავარი“ კი ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებსა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას სპეციალური ვიდეორგოლით გამოეხმაურა. ამას გარდა, ქალთა უფლბების შესახებ თემების გაშუქებასაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები 2020 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაშიც ჩაერთნენ, სპეციალური განცხადება გააკეთეს და საკუთარი საკომუნიკაციო არხებით გენდერული ძალადობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელეს.

2020 წელს განხორციელებულ ინიციატივებს შორის იყო “კრისტალის“ მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებმაც მცირე გრანტები მიიღეს და თემების განვითარებისთვის სასარგებლო ცვლილებები განახორციელეს. ასევე, „ტერაბანკის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალები, რომლებიც რაჭასა და ლეჩხუმში საოჯახო სასტუმროებს მართავენ, ბრენდინგის მომსახურებით დასაჩუქრდნენ. „ვინც საბანკო სფეროში საქმიანობს, იცის, რომ ქალი მეწარმეები პასუხისმგებლიანი და სანდო პარტნიორები არიან, ამიტომ ყოველთვის გვქონდა მათი მხარდაჭერის სურვილი. ამ ინიციატივამ ბანკში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სრულიად ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი“, - აღნიშნავს ტერაბანკის რისკების დირექტორი თემურ აბულაძე.

საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების რაოდენობა 82-ს შეადგენს. 30 მათგანი ამ მოძრაობას 2020 წელს შემოუერთდა. ახალბედა კომპანიები აღნიშნავენ, რომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელებას გეგმავენ.

გასულ წელს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ საქმიანობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ახორციელდება.