საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ გენდერული თანასწორობის პირველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თარიღი:

ათეას პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე ათეას გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ონლაინპრეზენტაციას ესწრება. ფოტო: ათეა
ათეას პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე ათეას გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ონლაინპრეზენტაციას ესწრება. ფოტო: ათეა

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა ლიდერობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად დაამტკიცა.

ათეამ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2020 წლის 28 დეკემბერს წარადგინა. ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, რომელთა შორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, განვითარების პარტნიორები იყვნენ. სტრატეგიულ დოკუმენტებში მოცემულია ათეას გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მიზნები და ამოცანები 2021-2025 წლებისთვის. აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებს შორისაა ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა შემდგომი მიმართულებებით: გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ლოკალიზაცია და ა.შ.

დოკუმენტების ოფიციალური წარდგენის გარდა, ღონისძიებაზე 14 ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ოფიციალურად შეუერთდა ევროპულ ქარტიას „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანასწორობის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ათეასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადვოკატირების შედეგად, ქარტიის წევრი მუნიციპალიტეტების რაოდენობა 2020 წელს 4-დან 18-მდე გაიზარდა.

„ქარტიაში გაწევრიანება მეტყველებს საქართველოს მუნიციპალიტეტების 28%-ის მზადყოფნაზე, საერთაშორისო დონეზე აიღონ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ვალდებულებები. ამას გარდა, ეს ნიშნავს მათ მზადყოფნას, ისარგებლონ იმ პრაქტიკული მექანიზმებითა და მეთოდოლოგიებით, რომლებსაც ქარტია ქალთა უფლებების რეალიზებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის სთავაზობს“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში თამარ საბედაშვილმა.

„გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ჩვენი ორგანიზაციისთვის გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ჩარჩო ინსტრუმენტს წარმოადგენს. ის გვთავაზობს კონკრეტულ სტრატეგიებს, თუ როგორ შეუძლია ათეას მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნების მიღწევა უფრო სისტემურად და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოხდეს. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, გენდერული თანასწორობის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას ვგეგმავთ, რაშიც სხვა ღონისძიებებთან ერთად, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანასწორობის შესახებ“ ქარტიის ხელმომწერი მუნიციპალიტეტების რაოდენობის გაზრდა და ქარტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მათი ტექნიკური დახმარება მოიაზრება“,- აღნიშნა ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია ღვინაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ინიციატივების განსამტკიცებლად მუშაობის მხარდაჭერას მომავალშიც გეგმავს. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება” აისახა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ათეას თანამშრომლობა ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.