მოხალისე ქალები წარმატებული მეწარმეები ხდებიან

თარიღი:

ნანა ხელაძე. ფოტო: სოფო მაღალდაძე
ნანა ხელაძე. ფოტო: სოფო მაღალდაძე

ნანა ხელაძე სოფელ სვირში საცხოვრებლად დაქორწინების შემდეგ, ოთხი წლის წინ გადავიდა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ადგილობრივებისთვის ახალგამომცხვარი პურის ყიდვა თითქმის შეუძლებელი იყო. მაღალმთიან დასახლებაში მხოლოდ ერთი სასურსათო მაღაზია ფუნქციონირებდა, რომელსაც მეპატრონე თავადვე ამარაგებდა, ამიტომ ახალციხიდან გასაყიდად 5-6 დღის სამყოფი პური ერთბაშად მოჰქონდა. იქაურებსაც სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

ნანას იმ დროისთვის ცხობის საწარმოს მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების კუთხით გამოცდილება უკვე ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, სოფელში საცხობი გაეხსნა. „ეს ჩემთვისაც კარგი იქნებოდა და მოსახლეობისთვისაც. მალევე დავწერე განაცხადი, რომელიც სამთავრობო პროექტმა „აწარმოე საქართველოში“ დამიფინანსა. წარმოება რომ ავამუშავე, შვილი მხოლოდ 40 დღის მყავდა“, - იხსენებს 45 წლის ნანა.

ახალგაზრდა მეწარმის პური პოპულარული მალევე გახდა. ადგილობრივებს მისი ნახელავი ძალიან მოსწონდათ. ამ საქმიანობის პარალელურად, ნანა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ სათემო მობილიზაციის კომპონენტშიც ჩაერთო და როგორც აღმოჩნდა, ეს მოხალისეობრივი საქმიანობა მოგვიანებით ბიზნესის განვითარებაშიც დაეხმარა.

„როცა საცხობში ცომსაზელი მანქანა გამიფუჭდა, ყველაფრის კეთება ხელით მიწევდა. უკვე ვფიქრობდი, რომ საქმიანობა შემეწყვიტა, თუმცა სწორედ ამ დროს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი დაიწყო. ტრენინგები გავიარე, მერე კი დაფინანსებაც მივიღე და ახალი ცომსაზელი ვიყიდე, რომელმაც არა მარტო დრო და შრომა შემიმცირა, ტექნოლოგიური პროცესებისა და პურის ხარისხიც ამიმაღლა“, - ჰყვება ნანა.

ნანა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილეა. ამ პროექტის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს სამ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში - სპეციალურად შემუშავებული სასწავლო მოდულის დახმარებით, წარმატების მიღწევასა და ახალი ცოდნის მიღებაში სათემო მობილიზაციაში ჩართულ კიდევ არაერთ ქალს დაეხმარა. სულ 2019-2020 წლებში ტრენინგები 150-მა ქალმა გაიარა. მათ შორის იყო ბიზნესის განვითარება, კომპიუტერული უნარები, ეფექტური კომუნიკაცია და სხვა.

რიტა დალოღლანიანი. ფოტო: სოფო მაღალდაძე
რიტა დალოღლანიანი. ფოტო: სოფო მაღალდაძე

სასწავლო მოდულის დასრულების შემდეგ კი 144-მა ქალმა პროექტისგან დაფინანსებაც მიიღო, რამაც მათი იდეებისა და შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყო ხელი. გრანტის მიმღებთა შორის იყო სამცხე-ჯავახეთის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში მცხოვრები 26 წლის რიტა დალოღლანიანიც.

რიტა საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს, 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და 7-წევრიან ოჯახს მცირე მეურნეობით ეხმარება. უკვე სამი წელია, მას კარტოფილი, ჭარხალი, ქერი და კომბოსტო მოჰყავს. ნანას მსგავსად, რიტამაც ჯერ ტრენინგები გაიარა, მერე კი მიღებული გრანტით მინი ტრაქტორი შეიძინა. „ტრენერებისა და მონაწილეებისგან უამრავი რამ ვისწავლე. ახლა შემიძლია, ჩემი ცოდნით სხვა ქალებსაც დავეხმარო. ასეთი ინიციატივები ჩვენ საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და დამოუკიდებლობის საშუალებას გვაძლევს. სამომავლოდ უკვე ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანას, ახალი ჯიშის კარტოფილის დათესვასა და საქმიანობის განვითარებას ვგეგმავ“, - აღნიშნავს რიტა. მიღწეულზე არ ჩერდება ნანაც, რომელიც გვიყვება, რომ ტრენინგებმა მას საქმიანობის გაფართოების აუცილებლობა დაანახა. ახლა აპირებს წარმოება გაზარდოს, ახალციხეში ფილიალი გახსნას და დამატებით 3 ქალი დაასაქმოს. მერე კი დაბრენდილი, უსაფუარო პურის წარმოებასაც გეგმავს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ავსტრიის, შვეიცარიისა და სლოვაკეთის მთავრობების დაფინანსებით ახორციელებს. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორები კახეთის განვითარების რეგიონული ცენტრი, “ფონდი ტასო” და ქეა საერთაშორისო კავკასიაში არიან.