ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი პროექტი დაიწყეს

თარიღი: ორშაბათი, 7 დეკემბერი, 2020 წელი

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი პროექტი დაიწყეს
 
ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალი პროექტი „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ დაიწყეს. პროექტი დაიწყო საქართველოში მიმდინარე ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მთელ მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს.

სამწლიანი პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვემო ქართლსა და გურიას. მისი მიზანია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფა, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება. ამავდროულად, პროექტის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

„თეორიულად, გენდერული თანასწორობა საკმაოდ მარტივი კონცეფციაა, თუმცა, მისი პრაქტიკაში განხორციელება რთულია. ჯერჯერობით ვერცერთი ქვეყანა ვერ განაცხადებს, რომ სრულ გენდერულ თანასწორობას მიაღწია, თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ ამ კუთხით მეტ წარმატებას მიაღწია, სხვებთან შედარებით. სანამ ქალი უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი და სრულიად მიუღებელი ფორმის - ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება, სანამ საქართველოში შვიდი ქალიდან ერთს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია, ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად დაუღალავად განაგრძობს მუშაობას საქართველოში, გენდერული უფლებების ყველა დონეზე გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

„გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოხარულია, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროექტს განახორციელებს. სიმბოლურია, რომ პროექტს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიანი კამპანიის მსვლელობისას ვიწყებთ, ამ ინიციატივის მნიშვნელობას COVID-19-ის კონტექსტი კიდევ უფრო ზრდის“, - აცხადებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი.

„მოხარული ვარ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ევროკავშირს შორის ქალების და გოგოების მიმართ საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება და გაეროს ორი სააგენტო, UN Women და UNFPA მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო ძალისხმევას, უკვე არსებულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ხელი შევუწყოთ ქალებისა და გოგოების გაძლიერებას და უფრო თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

პროექტის მიზნების მისაღწევად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად ითანამშრომლებენ სახელმწიფო უწყებებთან ქალთა მიმათ ძალადობის აღმოფხვრაზე მიმართული სერვისების მიმწოდებლებთან, ქალთა უფლებების დამცველებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე როგორც მედიასთან და სამიზნე რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებებთან.