2020 წლის მიღმა: ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

თარიღი:

ტატიანა სირგი, მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოლდოვადან, ფოტო გაეროს მისიიდან, ტატიანას პირადი არქივი
ტატიანა სირგი, მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოლდოვადან, ფოტო გაეროს მისიიდან, ტატიანას პირადი არქივი

(სტამბოლი, ონლაინსივრცე, 16 დეკემბერი) – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის 41-მა ორგანიზაციამ, მშვიდობის მშენებელმა და აქტივისტმა ქალებმა სტამბოლის კონსულტაციების სერიაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მიზანს მოსაზრებების გაზიარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების საუკეთესო გზების შერჩევა წარმოადგენდა. კონსულტაცია თემაზე “2020 წლის მიღმა: ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის წინ წამოწევა“ წარიმართა. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ იყო ინიცირებული.

მონაწილეებმა საკუთარ ქვეყნებში ქალებისა და გოგოების სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის კონკრეტულ გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. იმსჯელეს ქალი მშვიდობის მშენებლების რეგიონული ქსელის შექმნის მოდელებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ იგი ხელს შეუწყობს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ქალთა სრულ, თანასწორ და ეფექტიან მონაწილეობას სამშვიდობო პროცესებში და დაეხმარება ოფიციალური თუ არაოფიციალური სამშვიდობო პროცესების დაახლოებას. აღნიშნული კონსულტაცია წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრის გაგრძელებას, რომელიც 2020 წლის თებერვალში, თურქეთში გაიმართა.

კონსულტაციების დროს ქალებისთვის შექმნილი იყო უსაფრთხო გარემო, რომელშიც ქალთა და ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები  კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და მოგვარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს ფემინისტური გადმოსახედიდან განიხილავდნენ. ეს დღეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით რეგიონში არსებული სოციალური დაძაბულობისა და მომატებული კონფლიქტების გათვალისწინებით, რადგან ქალთა მონაწილეობითა და ლიდერობით  ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე მდგრადი მშვიდობის მიღწევაა შესაძლებელი.

დისკუსიების დროს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შემუშავდა და არსებული გამოწვევების შესახებ მკაფიო მოსაზრებებიც გამოითქვა, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონებთან მიმართებაში. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაფართოებისა და სხვადასხვა დაინტერესებული პირის გაერთიანების აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო საკითხების გადაწყვეტის ირგვლივ.

ქალთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა და საბჭოს თავმჯდომარემ, უკრაინის პარლამენტის განვითრების პროექტის გენდერული მეინსტრიმინგის კომპონენტის ხელმძღვანელმა, ოლენა სუსლოვამ საკუთარ მოხსენებაში ინკლუზიის, ანგარიშგებისა და ქსელური კონტაქტებით მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, „ანგარიშვალდებულება უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა და სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. არსებობს  პროექტების შედეგებზე არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების პრობლემები, განსაკუთრებით ომის პირობებში. ჩვენ დაუყოვნებლივ ქმედებებს ვითხოვთ და გვჯერა, რომ ანგარიშვალდებულება ყველა დაინტერესებული პირისთვის უნდა არსებობდეს“.

შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია მუშაობა, რათა მშვიდობა უფრო ღირებული გახდეს, რასაც განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება. დისკუსიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ის ფაქტები იყო, რომლებსაც ქალი უფლებადამცველები აწყდებიან. მათ ამ უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ქალთა საჭიროებები პრიორიტეტს არ წარმოადგენს. მათი დახმარება მარტივი არ არის. ზოგან ისეთ მოწყვლად ჯგუფს ვაწყდებით, როგორიც, მაგალითად, გასაუძლის პირობებში მცხოვრები ფეხმძიმე ქალებია. ქალთა გაძლიერებასა და გენდერული პრინციპების დანერგვაში, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, მეტი ინვესტიცია გვჭირდება“ ,- განაცხადა აზერბაიჯანის გენდერული რესურსცენტრის წარმომადგენელმა სევინჯ სამარზადემ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაში წვლილის შეტანის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ეს იმ ადამიანთა მოსმენის საშუალებას იძლევა, რომელთა ხმაც ნაკლებად ისმის, ან პირების, რომლებსაც არ აქვთ პლატფორმა ან არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი. არადა, საჭიროა, მათი ცოდნა და გამოცდილება სათანადოდ დაფასდეს.

„მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაში წვლილის შეტანა ქსელების ისეთივე ძლიერი მხარეა, როგორიც იმ ადამიანების მოსმენა, რომლებსაც პლატფორმა ან წარმომადგენელი არ ჰყავთ. ამდენად, მათი ცოდნა და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია“ ,- აღნიშნა მოლდოვის ცენტრის, „რეზონანსის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრ გონჩირმა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჯგუფური დისკუსიებისას დაისვა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა, შექმნან საკუთარი ორგანიზაციები და განახორციელონ ინიციატივები. მათივე თქმით, აუცილებელია თაობათა შორის თანამშრომლობის შენარჩუნება ისეთი საერთო მიზნების  მისაღწევად, როგორიც ტრანსნაციონალური ანტიმილიტარისტული ფემინისტური მოძრაობის ჩამოყალიბებაა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდა და ასაკოვანი ადამიანების ჩართულობას, სხვადასხვა თაობების წარმომადგენელთა მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ, იულია ხარაშვილმა საქართველოდან.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ახალგაზრდები დღევანდელი ლიდერები არიან და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალგაზრდა ქალების მონაწილეობა ნებისმიერი ქსელის საქმიანობის ცენტრში უნდა მოექცეს. გადამწყვეტია ახალგაზრდების სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან მონაწილეობის ხელშეწყობა თაობათაშორისი დიალოგის მხარდასაჭერისა და განსხვავებული პერსპექტივების თუ გამოცდილებების გახმოვანებისთვის.

პლენარულ სესიებსა და ჯგუფებში მსჯელობისას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ინვესტირების მნიშვნელობაც გამოიკვეთა. მონაწილეებმა რეგიონის მასშტაბით ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ქალ ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბების საჭიროებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სადავო ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა მოსაზრებების გათვალისწინების როლსაც, რათა მათაც თანასწორი და ეფექტიანი მონაწილეობის საშუალება მიეცეთ. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ქალთა ქსელი მშვიდობის ფემინისტურ პრინციპებს დაეფუძნება და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ელემენტებს გამოიყენებს.

ინოვაციური მიდგომების შესახებ დისკუსიისას, რომელიც კონფლიქტის პრევენციაზე, მედიაციასა და ფემინისტური გადმოსახედიდან კონფლიქტების მოგვარებაზე იქნება მიმართული, მონაწილეებმა მრავალფეროვნების, მათ შორის, სამშვიდობო კონტექსტში ახლაგაზრდა თაობის მონაწილეობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. რეკომენდაციების მიხედვით, საჭიროა, გავცდეთ ტრადიციული ქსელის ფარგლებს და შემოვიტანოთ სიახლეები, რათა უფრო მეტი ქალი მოვიცვათ და მეტს დავეხმაროთ.

პლენარული სესიის დროს დისკუსიები იმ განსაკუთრებულ ზეგავლენაზეც გაიმართა, რასაც კონფლიქტი, მაგალითად, ეკონომიკური შედეგებისა და ფიზიკური საფრთხეების თვალსაზრისით ქალებზე ახდენს. ქალთა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ისინი კვლავაც გარიყულები არიან სამშვიდობო პროცესებიდან და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კონფლიქტის შემდგომ პერიოდში არსებული მუდმივი მარგინალიზაციის დაძლევაა მნიშვნელოვანი. მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს მოსაზრებას, რომ საჭიროა სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ჩართული მხარეების თანამშრომლობის გაძლიერება, რათა გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიება მოხდეს. ამ მიზნით აუცილებელია საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა, თაობათაშორისი დიალოგისა და მენტორობის პროგრამების მხარდაჭერა, ასევე, ამ საკითხების აღიარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის.

და ბოლოს, გამოიკვეთა ადვოკატირების ერთიანი ძალისხმევის საჭიროება  სამშვიდობო პროცესებში ქალთა ცოდნისა და გამოცდილების სათანადოდ აღიარებისთვის. აღინიშნა ისიც, რომ მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, არანაკლებ მცდელობას საჭიროებს ქალთა აღიარება მნიშვნელოვან და ღირებულ აქტივად, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ რეგიონის მშვიდობისა და ნდობის აღმშენებლობის ინიციატივებს სათანადო მხარდაჭერა და დაფინანსება ექნება.